ისრაელი
ისრაელი - ებრაელთა სახელმწიფოს ერთ-ერთი სამეფოს სახელი.
დავით წინასწარმეტყველის გარდაცვალების შემდეგ ებრაელთა სახელმწიფოში გამეფდა მისი ძე სოლომონი, რომელიც მეფობდა მთელ ისრაელში 40 წელი.
მისი სიკვდილის შემდეგ ებრაელები შეიკრიბნენ სიქემში მეფის ასარჩევად. იქ მიიწვიეს სოლომონის ძე რობოამი. იმავე დროს ეგვიპტიდან გამოიწვიეს იერობოამი. ათმა ტომმა აირჩია მეფედ იერობოამი, მარტო იუდას და ბენიამენის ტომმა მიიღეს თავის მეფედ რობომი. ამგვარად ებრაელების სამეფო განიყო ორ სამეფოდ. იუდას და ბენიამენის ტომიდან შემდგარ სამეფოს დაერქვა იუდეველების სამეფო, დანარჩენ ტომთაგან შემდგარ სამეფოს დაერქვა ისრაელიანებისის სამეფო. იუდეველობის სატახტო ქალაქი იყო პირველად სიქემი და მერე სამარია.
ისრაელიანების სამეფო ანუ ისრაელი პირველად იუდეველების სამეფოზე უფრო ძლიერი იყო, მაგრამ ის მალე დაუძლურდა და დაეცა. სამეფოს დაუძლურების უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ ისრაელთა მეფენი იერობოამიდან დაწყებულნი, თითქმის ყველანი კერპთაყვანისცემას ავრცელებდნენ ისრაელიანთა შორის, ჭეშმარიტ ღმერთს ივიწყებდნენ, ამიტომ ღმერთიც არ წყალობდა მათ; ხალხი მოკლებული იყო ღმრთის კურთხევას, ურთიერთშორის ხშირად მოსდიოდათ უკმაყოფილება და განხეთქილება. ისრაელთა სამეფო არსებობდა 257 წელიწადს. ამ დროის განმავლობაში მათ ჰყავდათ 20 მეფე და ისინი წარმოდგებოდნენ 10 სხვადასხვა გვარეულობისაგან ანუ ტომისაგან. ხშირად ხდებოდა ისე, რომ რომელიმე მხედართმთავარი მოკლავდა მეფეს და თვითონ გამეფდებოდა და მერე მასაც იგივე ბედი ეწეოდა. ამის გამო ხალხიც ზნეობრივად იხრწნებოდა და ეჩვეოდა ყოველ ბიწიერებას და ასეთ მდგომარეობაში სამეფოც დაუძლურდა. ბოლოს ასურეთის მეფე სალმანასარი დაესხა ისრაელიანების მეფეს ოსიას, დაიმორჩილა და დაუწესა მას გადასახადი. რამდენიმე ხნის შემდგომ ოსიამ უარი უთხრა გადასახადის გადახდაზე. მაშინ სალმანასარმა ოსია ტყვედ წაიყვანა, დაადო მას ბორკილები და საპყრობილეში შეაგდო. დაიმორჩილა ისრაელიანების სამეფო, სამარია აიღო და ისრაელიანები გადაასახლა ასურეთში. ამგვარად სალმანასარის დროს დაიწყო ებრაელების გაფანტვა სხვადასხვა ქვეყანაში და აღასრულა სიტყვები წინასწარმეტყველებისა, რომ კერპთაყვანისცემისთვის და სხვა ბოროტებისთვის ღმერთი ჩააგდებდა მათ მტრების ხელში და გაფანტავდა სხვადასხვა ქვეყანაში.
წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.