კავი (არქიტექტურული კონსტრუქცია)
კავი — სახურავის ძირითადი მზიდი ძელები, ნივნივები. საცხოვრებელი, სამეურნეო თუ სხვა სახის შენობა-ნაგებობის სახურავის კონსტრუქციის შემადგენელი ნაწილი, ხის ძელი, მიმართული სახურავის ცენტრიდან გვერდითი კედლებისაკენ. კავის ერთი ბოლო სარაიბაღს ეყრდნობოდა, ხოლო მეორე სახურავის ოთხივე კუთხის მთავარ ძელებზე – უმუზზე მაგრდებოდა. სახურავის კავი სახურავის დახრილობის შესაბამისად იყო მიმართული, რომელზეც ფიცრები, ლარტყები იგებოდა და სახურავით – ყავრით, შიფერით ანდა თუნუქით იხურებოდა. დახრილობა სახლის ფართობის შესაბამისად განისაზღვრებოდა. სახურავის კავებს მაგარი ხისაგან ამზადებდნენ. მისი ერთი გვერდი – ზედა ნაწილი ყოველთვის სწორი იყო. სახურავის კავი სასურველი იყო ერთიდან მეორე ბოლომდე გამწვდომი ყოფილიყო, თუმცა ტრადიციულ ყოფაში კავის გადაბმის შემთხვევებიც დასტურდება. არსებობდა კბილიანი და უკბილო გადაბმაც. კავებზე სახურავის და ზამთრის პერიოდში თოვლის მთელი სიმძიმე მოდიოდა. ამიტომ მის გამძლეობას დიდ ყურადღებას აქცევდნენ. სიმძიმისადმი მდგრადობის მიზნით კავებს ქვემოდან საყრდენები – „ბჯგინები” ჰქონდა შედგმული. კონსტრუქციული ადგილმდებარეობის მიხედვით სამი სახის კავია ცნობილი: უმუზები – უმუზკავები, ღარიკავი – შუაკავი და წიწილკავი. კავები გაუთლელი ძელების, ასევე, გათლილი, დახერხილი სახითაც გხვდებოდა.