კამარა
კამარა – (ბერძ. kamara), მრუდხაზოვანი, შეზნექილი ზედაპირის მქონე სივრცითი კონსტრუქცია (გადახურვა).
კამარა საშუალებას იძლევა გადაიხუროს მნიშვნელოვანი სივრცე დამატებითი შუა საყრდენების გარეშე. ძირითადად გამოიყენება გეგმით წრიული, მრავალკუთხა ან ელიფსური ფორმის შენობებში.
კამაროვანი გადახურვები საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა რელიგიურ და საზოგადოებრივ შენობებში. განსაკუთრებით დიდი გასაქანი მიეცა მას საკრალურ არქიტექტურაში, რომელიც ერთმანეთს უთავსებდა შენობის თავისუფალ შიდა მოცულობასა და სილამაზეს.
კამარის სახეობაზე დამოკიდებულებით მას შეიძლება ჰქონდეს შემდეგი ელემენტები: საკეტი (ქვის საკეტი, კამარის გასაღები), სარკე, ღარი, ქვერკალი, კამარის უბე, აფრა, საყრდენი კამარა, კამარის მალი, ქუსლი, აწევის ისარი, ლიუნეტი, ნერვიურა და სხვ.;
კამარა შეიძლება იყოს სხვადასხვა დანიშნულების, მასალის, კონსტრუქციის და ფორმის. არსებობს კამარის სახეები: აკუსტიკური, აფროვანი, აღმავალი, ბადისებრი, გუმბათის, დამრეცი, ელიფსური, მახვილწახნაგა, მონოლითური, რკინა-ბეტონის, სამწახნაგა, ტალღოვანი, ქვის, ქოლგისებრი, შემაღლებული, ცილინდრული, წიბოვანი, ხის, ხრახნული, ჯვარედინი და სხვ.