მელისკარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:05, 17 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მელისკარი − სოფელ ზარანში (ხარაგაულში) დგას წმ. გიორგის ეკლესია, რომლის ადგილზე უწინ ცხვრის საძოვარი ადგილი ყოფილა. მწყემსებისთვის სოფელს საჭმელი მიჰქონდა ხოლმე. ერთხელ საჭმელი დაუგვიანეს. მწყემსებს ძალიან მოშივდათ, მაგრამ სოფელში ვერ მიდიოდნენ, ეშინოდათ, ცხვარი არ გაფანტულიყო. მაშინ ასეთი რამ მოისაზრეს: მწარე ბლის ხისგან ჯვარი გააკეთეს, აღმართეს და დაჩოქებულებმა ასე ილოცეს: ჯუარის სახის მადლო და ძალო, წმიდაო გიორგი, შენ გაბარებთ ჩვენს სამწყსოს, ჩვენს დაბრუნებამდე ცხვარი არ გაიბნეს და არ დაიკაგოსო! დააწვინე პირუტყვი და ნუ ააყენებ, სანამ ჩუენ არ მოვალთო, და წავიდნენ სოფელში. ჭამეს, სვეს და, როცა საძოვარზე მივიდნენ, მთელი ცხვარი გაქვავებული დახვდათ. ბლის ჯვარი კი ძალზე გაზრდილიყო. მწყემსებმა მღვდელი და ხალხი მოიყვანეს და ყველამ შესთხოვა ღმერთს, ოღონდ ცხვარი გაგვიცოცხლე და ეკლესიას აგიშენებთო. ცხვრები კი გაცოცხლდნენ, მაგრამ ბლის ჯვარი სულ იზრდებოდა და იზრდებოდა, მატულობდა სიმაღლითა და სიგანით. ბოლოს, მღვდელს სიზმარი დაესიზმრა, რომ ჯვარი არ შეწყვეტდა ზრდას, ვიდრე მასზე ლურსმნებს არ დააჭედებდნენ. მაშინ უბრძანა მღვდელმა თავის დიაკვანს, შესულიყო ჯვარზედ და დაეჭედებინა ლურსმანი. დიაკვანი ასეც მოიქცა. ორი წლის შემდეგ ხალხმა ამ ჯვარზე წმ. გიორგის ეკლესია აუშენა, თავად ჯვარი ეკლესიის შუა ნაწილში მოექცა.

ერთხელ მელა შევარდნილა ეკლესიის ღია კარში, სანთლისთვის პირი უტაცნია, მაგრამ გამობრუნებისას გაქვავებულა. დარაჯს თვალი მოუკრავს მისთვის, შესცოდებია და ღმერთს შევედრებია, გაეცოცხლებინა. მელა გაცოცხლდა და გაიქცა. მას შემდეგ ამ ეკლესიას მელისკარი შეერქვა.

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები