მინაბეტონი
მინაბეტონი – მინაბოჭკოთი დაარმირებული ბეტონი. ტერმინი „მინაბეტონი” არის ერთიანი დასახელება მასალების ჯგუფისა, რომელიც წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა სამშენებლო კონსტრუქციების შექმნისთვის. არსებობს მინაბეტონის ნაირსახეობები, როგორიცაა, მაგ., მინით დაარმირებული ბეტონი (მსუბუქი, ელასტიური, დაბალი თბოგამტარობით); ბეტონი თხევადი მინის დანამატით (სწრაფად მყარდება, ტენმედეგია); მინაფიბრობეტონი (ყინვამედეგი); ნახევრადგამჭვირვალე ბეტონი ოპტიკური ბოჭკოებით (მაღალი ღირებულების, გამოიყენება დეკორატიულ კონსტრუქციებში); ბეტონი მინის ნამსხვრევებით (იაფფასიანი, მჟავამედეგი, ამცირებს კონსტრუქციის თვთღირებულებასა და წონას) და სხვ. მინაბეტონების გამოყენების სფეროა: მოსაპირკეთებელი პანელები, გისოსები, ღობეები, დამცავი მოაჯირები, ტიხრები, გადახურვები, დეკორატიული ელემენტები, მილები, ხმაურდამცველი ბარიერები, ლავგარდნები, რთული არქიტექტურული ფორმები და სხვ.