მოკლე მაარმირებელი ბოჭკოები
მოკლე მაარმირებელი ბოჭკოები – პოლიმერული მასალების მრეწველობაში გამოიყენება სხვადასხვა სახის მოკლე ბოჭკოებით შევსებული კომპოზიტები.
დანაწევრებული მინერალური ბოჭკოები მიიღება მინერალური ბამბის მექანიკური გადამუშავებით, რომელშიც შედის კალციუმის სილიკატი (75%) და მსუბუქი ლითონები (25%). ფხვნილის ნარევში შემავალი ბოჭკოების საშუალო სიგრძეა 270 მმ, დიამეტრი – 1-10 მკმ. დანაწევრებული მინერალური ბოჭკოები გამოიყენება თერმოპლასტებისა და რეაქტოპლასტების წარმოებაში.
ბოჭკო „ფრანკლინი“ მიიღება კალციუმის სულფატის კრისტალიზაციით წყლის გარემოში მაღალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში. გამოირჩევა მაღალი თბომედეგობითა და კარგი თბოსაიზოლაციო თვისებებით. გამოიყენება პლასტმასებში შემავსებლად და ალუმინის მატრიცებში შემავსებლის გამაძლიერებლად.
ბოჭკო „ფაიბეკსი“ წარმოადგენს არაორგანული ტიტანის მონოკრისტალების ერთობლიობას, რომელიც მიიღება ნადნობის მარილების გადაკრისტალებით. გამოირჩევა მაღალი სიმტკიცითა და დრეკადობის მოდულით. გამოიყენება პლასტმასების წარმოებაში, როგორც შემავსებლის გამაძლიერებელი.
ძაფისებრი კრისტალი წარმოადგენს მონოკრისტალურ ბოჭკოს, გამოყვანილს სპეციალურ პირობებში. დღეისათვის მიღებულია 100-ზე მეტი ტიპის ასეთი კრისტალი, დამზადებული ლითონების, კარბიდების, ლითონის ჟანგეულების საფუძველზე. გამოირჩევა სტრუქტურის ერთგვაროვნებით, მექანიკური სიმტკიცითა და უდეფექტობით.
ჟანგეულებისგან მიღებული მონოკრისტალური ბოჭკოების სიმტკიცე თითქმის ისეთივეა, როგორც ძირითადი მასალის თეორიული სიმტკიცე. მნიშვნელოვანია, რომ სიმტკიცე მცირდება ბოჭკოების დიამეტრისა და სიგრძის ზრდის შედეგად. საექსპლუატაციო ტემპერატურის მატებით მონოკრისტალური ბოჭკოების სიმტკიცე მცირედით კლებულობს (განსხვავებით პოლიკრისტალური ბოჭკოებისაგან).
მოკლე ბოჭკოების მიღების ერთ-ერთი ხერხია – ლითონების აღდგენა, რომლითაც გამოიყვანეს საფირონისა და სილიციუმის კარბიდის ბოჭკოები (პროცესი ჯერჯერობით მცირემწარმოებლურია და პრაქტიკაში ნაკლებად გამოიყენება). ამიტომ, ძაფისებრი კრისტალების ფასი მაღალია და მიუხედავად შესანიშნავი მექანიკური მახასიათებლებისა, მისი წარმოება და გამოყენება შეზღუდულია. იგი აღიქმება, როგორც მომავლის მასალა, რომლისაგან პოტენციურად შესაძლებელი იქნება ახალი მხურვალმტკიცე მასალების დამზადება.