მომდენ-გამწოვი ვენტილაცია
მომდენ-გამწოვი ვენტილაცია − სავენტილაციო სისტემა, რომელშიც შეთავსებულია მომდენი და გამწოვი სისტემები. მისი ძირითადი ელემენტებია სპეციალური კამერა და მილგაყვანილობის ქსელი. ასეთი ვენტილაცია უზრუნველყოფს ჰაერმიმოცვლის მაქსიმალურად რაციონალურ ორგანიზებას. ის ეფექტურად წყვეტს არა მხოლოდ ჰაერმიმოცვლის, არამედ ფილტრაციის, ტენიანობისა და ტემპერატურის პრობლემას სათავსში წლის ნებისმიერ დროს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს სისტემა მუდმივად საჭიროებს ყურადღებასა და ბალანსირებას. მომდენ-გამწოვი ვენტილაცია მნიშვნელოვნად ამცირებს სისტემის საექსპლუატაციო ხარჯებს, რადგან მომდენი ჰაერის გათბობა ხდება გაწოვილი თბილი ჰაერის თბური ენერგიის ხარჯზე, რაც ხორციელდება სპეციალური დანადგარის – რეკუპერატორის მეშვეობით. ვენტილაციის ეს სისტემა ძირითადად გამოიყენება ისეთ დაწესებულებებში, როგორიცაა: ოფისი, რესტორანი, კაფე, კინოთეატრი, სასტუმრო, კოტეჯი და ზოგი ტიპის სამრეწველო საწარმო.