ოსირისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:50, 1 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოსირისი.
(ძვ.წ. VIII ს.) სანკტ-პეტერბურგი, ერმიტაჟი.

ოსირისი(ეგვიპტ.) ცენტრალური პერსონაჟი მითოლოგიური დრამისა, რომელიც გადმოსცემს მის სიკვდილს, აღდგინებას და შემდეგ მკვდართა ქვეყანაში გამეფებას. ოსირისი პირველი ფარაონი იყო ეგიპტეში, სიკვდილის შემდეგაც ფარაონია. ეგვიპტელთა წარმოდგენით ყოველი ფარაონი სიკვდილის შემდეგ ოსირისი ხდება.

ოსირისმა, ეგვიპტის პირველმა მეფემ, ასწავლა ხალხს ხვნა-თესვა, ვენახის გაშენება და მოვლა, ღვინის დაწურვა და ლუდის ადუღება, ოქროსა და სპილენძის მოპოვება. ასწავლა მკურნალობა, ქალაქთა მშენებლობა, ღმერთების თაყვანისცემა და მსხვერპლშეწირვა, და კიდევ უამრავი რამ, რაც კულტურული ცხოვრებისათვის აუცილებელი იყო. ამ ღვაწლისათვის ეგვიპტის მთელი ხალხი მადლობდა ოსირისს, მაგრამ ერთადერთი სეთი, მისი უმცროსი ძმა, შურით ივსებოდა მის მიმართ, ყოველ ღონეს ხმარობდა მის ჩამოსაცილებლად, ბოლოს მისი მოკვლა განიზრახა, რისთვისაც ხელსაყრელ ჟამს და შემთხვევას უცდიდა.

ეს ჟამიც დადგა: ერთხელ, როდესაც აზიაში ომგადახდილი ოსირისი ეგვიპტეში დაბრუნდა და დიდი წვეულება გამართა, სეთიც მოვიდა თავის სამოცდათორმეტ თანამზრახველთან ერთად. სანადიმო დარბაზში სეთმა ძვირფასად შემკული კიდობანი შემოატანინა. ყველას თვალი დარჩა მასზე, განცვიფრებულნი შესცქეროდნენ ამ უცხო ქმნილებას. ყველას კიდობნის დაპატრონების სურვილი აღეძრა. მაშინ სეთმა შესთავაზა მონადიმეთ: ვის ტანსაც სიგრძე-სიგანეში მოერგებაო, კიდობანიც მისი იყოსო. მეინახენი რიგ-რიგობით წვებოდნენ კიდობანში, მაგრამ იგი ზოგისთვის მეტისმეტად ვიწრო იყო, ზოგისთვის – მეტისმეტად ფართე. ყველაზე ბოლოს ოსირისი ჩაწვა კიდობანში და ზუსტად მოერგო კიდობანს მისი ტანი. მის ზომაზე ყოფილა შეკრული! როგორც კი ოსირისი ჩაწვა კიდობანში და ფეხები გამართა, სეთის თანამზრახველებმა მყისვე დაახურეს კიდობანს სახურავი, მჭიდროდ დაგმანეს და ჩაკეტეს. მერე ზედ გამდნარი ტყვია გადააღვარეს და ნილოსის ტალღებს მისცეს. კიდობანი მდინარის ნაპირას მდგარ ხეს გამოედო და გაჩერდა. აქ იპოვა იგი ისისმა, მისმა საყვარელმა დამ და ერთგულმა ცოლმა, რომელმაც სასწაულებრივ გააღვიძა ოსირისის სხეულში სასიცოცხლო ძალა, რათა მისგან მისი შურისმგებელი შვილი ჩასახოდა და ჩაესახა კიდეც. ეს იყო ხორი. სხვა გადმოცემით, სეთმა ოსირისი თოთხმეტ ნაწილად აკუწა და ნაწილები მთელ ეგვიპტეში გაფანტა. ისისმა და ნეფთისმა, მეორე დამ, დიდხანს ეძებეს მისი ნაწილები, ბოლოს ყველა უკლებლივ მოძებნეს და გაამთლიანეს ოსირისის სხეული, და მთელი ეგვიპტის წინაშე ცხარედ დაიტირეს. მერე ქალაქ აბიდოსში მიწას მიაბარეს. აბიდოსი ამიერიდან მკვდართა ქალაქად იწოდებოდა. ისისმა მკვდარი ოსირისისგან მუცლად იღო ხორი. წავიდა ფეხმძიმე ისისი ნილოსის ჭაობებში (დელტაში) და იქ, სეთის შიშით, ყველასაგან ფარულად მოიმშობიარა. ისისი დიდხანს მალავდა ხორს, რომ სეთს არ გაეგო მისი ადგილსამყოფელი და არ მოეკლა. სრულიად მარტო დარჩენილი ისისი ასე მოთქვამდა: „მამაჩემი ქვესკნელშია, დედა – მკვდართა ქალაქში, უფროსი ძმა (ოსირისი) – საფლავში“. უფროსი ძმა კი, ბოროტი სეთი (დავძენთ ჩვენ), ეგვიპტეს განაგებს ძალმომრეობით. ამასობაში ხორი წამოიზარდა და, როცა სრულწლოვანი შეიქნა, შეებრძოლა სეთს. პირველი შერკინებისას სეთმა სძლია ხორს და წაართვა თვალი, „ხორის თვალი“. მეორე შერკინებისას ხორმა მთელი ძალები მოიკრიბა, დასცა სეთი და დაიბრუნა თვალი. ხორმა თვალი მკვდარ მამას ჩააყლაპა და გაცოცხლდა ოსირისი. მაგრამ მან აღარ ისურვა სამზეოზე ყოფნა და მეფობა. ეგვიპტე ხორს დაუთმო, თავად კი საიქიოში დაბრუნდა და მკვდართა მსაჯული გახდა. ძველ ეგვიპტელთა რწმენით, ოსირისი ყოველწლიურად კვდება სეთის ხელით და ცოცხლდება ხორის მეოხებით, და ყოველ გაზაფხულზე მის აღდგომასთან ერთად მიწის პირი მწვანედ იმოსება. ეგვიპტელებს კიდევ სწამდათ, რომ ოსირისი ეგვიპტის ფარაონთა მფარველი იყო და ყოველი ფარაონი სიკვდილის შემდეგ ოსირისის ბუნებას ეზიარებოდა, ოსირისი ხდებოდა. ასევე სწამდათ, რომ ოსირისის მსგავსად ყოველი ფარაონი სიკვდილის შემდეგ უნდა გაცოცხლებულიყო. ეგვიპტელები ამგვარად უმღეროდნენ ოსირისს: „მოდიან ღმერთები ოსირისთან, ისისის მოთქმა-გოდებაზე მოდიან, ნეფთისის ტირილზე მოდიან. გეუბნებიან შენ, ოსირის: შენ კი წახვედი, მაგრამ კვლავ მოხვალ! შენ კი გძინავს, მაგრამ გაიღვიძებ! შენ კი მოკვდი, მაგრამ გაცოცხლდები! აღდექ, ნახე, რა ქნა შენთვის შენმა შვილმა! გაიღვიძე! გესმას, რა ქნა შენთვის ხორმა! მან განგმირა შენი განმგმირავი! მან მოკლა შენი მკვლელი! ისისი შენს განბანვაშია, ნეფთისი შენს განწმენდაშია. შენი დები შენს ნაწილებს ერთად კრებენ, შენს სხეულს ამთლიანებენ... გაიღვიძოს ღმერთმა, აღდგეს ღმერთი! ჰოი, ოსირის, აღდეგ! აჰა, მოდის ხორი...“



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები