პეტრიწონის მონასტერი
პეტრიწონის მონასტერი (ბაჩკოვოს მონასტერი) – (ინგლ. Petritsoni Monastery), შუა საუკუნეების ქართული მონასტერი, კულტურულ-საგანმანათლებლო კერა ბიზანტიის იმპერიაში (ბულგარეთში, როდოპის მთებში, ახლანდელ ქალაქ პლოვდივის მახლობლად). 1083 წელს დააარსა მხედართმთავარმა, უფლისწულმა გრიგოლ ბაკურიანის ძემ, რომელიც ცნობილი ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და სამხედრო მეთაური იყო ბიზანტიის კარზე. მანვე შეუდგინა მონასტერს ტიპიკონი ქართულ და ბერძნულ ენებზე. მონასტერი მდებარეობს მდ. ჩეპელარეს მარჯვენა სანაპიროზე, სოფიიდან 89 კმ-ში და ამჟამად ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის პირდაპირ დაქვემდებარებაშია. მონასტრის არქიტექტურა გამოირჩევა საერთო რწმენით დაკავშირებული ბიზანტიური, ქართული და ბულგარული კულტურის უნიკალური კომბინაციით. კომპლექსში შედის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, იოანე ნათლისმცემლისა და წმინდა გიორგის ეკლესიები, აგრეთვე საძვალე. მონასტერთან არსებობდა სემინარია. იქაურ მწიგნობრულ საქმიანობას, ტრადციული აზრით, თითქმის ოცი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა დიდი ქართველი გამანათლებელი იოანე პეტრიწი, რომლის ლიტერატურულ-ფილოსოფიურმა სკოლამ კიდევ უფრო დაუახლოვა ქართული მწერლობა ბიზანტიურს. პეტრიწონის მონასტრის მთავარი სიწმინდეა ღმრთისმშობლის საკვირველთმოქმედი ქართული ხატი.