საგზაო ზღუდარი
საგზაო ზღუდარი (საგზაო ბარიერი, დამცავი ბარიერი) – საავტომობილო გზის კონსტრუქციული ელემენტი, რომლის დანიშნულებაა:
1) ავარიის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება დარჩეს სავალ გზაზე (სურ. 1) და არ შეეჯახოს სიცოცხლისათვის საშიშ წინაღობებს, როგორიცაა მაგ., ხე, შენობა, კედელი, საგზაო ნიშნის საყრდენი, ხიდის ბურჯი, კაჭარის ან ბეტონის ნატეხების გროვა, მსხვილი სანიაღვრე ჩასადინარი და სხვა;
2) ტრანსპორტმა იმოძრაოს მხოლოდ მისთვის განაკუთვნილ გზაზე;
3) ფეხით მოსიარულეებმა უადგილო ადგილას არ გადაკვეთონ სატრანსპორტო გზა;
4) დაიცვას გზა უყურადღებოდ გაშვებული ცხოველებისგან (ძაღლი, კატა, საქონელი, გარეული ცხოველი და სხვა);
5) ორმხრივი მოძრაობის გზებზე შეამციროს შემხვედრი ტრანსპორტის შუქფარებიდან მომავალი სინათლის სხივების მძღოლის მხედველობაზე უარყოფითი გავლენა;
6) მოძრაობისას მანქანა არ გადავიდეს შემხვედრ ზოლში და სხვა საგზაო ზღუდარი კეთდება გზის ორივე გვერდზე (საბორტო) და შუაში (მედიანური) (სურ. 2. კორეული გორგოლაჭებიანი დამცავი ზღუდარის სისტემა), აგრეთვე სკოლების, ავტოგასამართი სადგურების და მისთანათა წინ. კონსტრუქციის სახეობის მიხედვით საგზაო ზღუდარის დასამზადებლად გამოიყენება რკინა-ბეტონი, ლითონი, ქვა, ბაგირი, პლასტმასი, მერქანი და სხვა.