სულა და კურდღელა
სულა და კურდღელა – ამავე სახელწოდების თქმულების მთავარი პერსონაჟები, ძმები გოგოჭურების გვარიდან.
სულას და კურდღელას ჩარგალში უცხოვრიათ. მილები ჰქონია მთაში საძოვრებზე დაწყობილი და ისე მოსდენიათ სოფელში რძე. ხევსურებს სულას და კურდღელას შიშით ჯორებისათვის საპირულები უკეთებიათ პირის ასაკრავად, რომ არ დაეყროყინათ: სულა და კურდღელა გაიგონებენ, თავს დაგვესხმებიან და გაგვძარცვავენო.
ეს სულა-კურდღელა ხალხს არაგვის ჭალაზე არ უშვებდა, არც ფშავებს და არც ხევსურებს, ისე შეუწუხებიათ, ხალხი, რომ ამდგარა ლუხუმის შვილი, ცაბაურთაში წასულა და ახალწლის დილას სასოვეთ თავის მაღალზე. საპარავის ყელზე, ქუსლებზე ნაბადამოკრული ცხენებით გადაუყვანია ხალხი და ღალატით დაუხოცინებია სულა და კურდღელა. ხალხი ჩაუსაფრებია, თავად მეკვლედ მისულა. მიიღეს როგორც დედიძმის შვილი, როცა დაითვრნენ, ადგა და შეატყობინა ხალხს. დაესხა ეს ორი სოფელი – აფხუშო და ცაბაურთა იმ ორ კაცს. სულა ახუნის გორზე მოკლეს. კურდღელა კი გამოქცევიათ და ჩარგლის კარს მოუკლავთ.
როგორც სულა და კურდღელა ჩარგალში, ისე არხალში არხალი ყოფილა, არტანში – თაღლაურა სოფლის მოძალადენი. იმ ახალწელს სამივენი ამოუწყვეტიათ ფშავლებს. სულა-კურდღელათ ნასახლარ-ნაციხვარი ჩარგალში ლაშარის ჯვარმა დაიჭირა, მისი ნიშია იქ.