ტექნიკური უზრუნველყოფა (ჯარების)
ტექნიკური უზრუნველყოფა - ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც ხორციელდება ჯარების (ძალების) სამხედრო ტექნიკით, საბრძოლო მასალებით, სამხედრო-ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფისათვის; ასევე – სამხედრო ტექნიკის ეფექტიანობის და ექსპლუატაციის საიმედოობის ამაღლების, მისი სწრაფი აღდგენის (რემონტის) და დაზიანების დროს მწყობრში დაბრუნების მიზნით. საომარი (საბრძოლო) მოქმედებების უზრუნველყოფის სახეობა.
ტექნიკური უზრუნველყოფის სახეობებს განეკუთვნება: ბირთვულ-ტექნიკური, სარაკეტო-ტექნიკური, საარტილერიო-ტექნიკური, სატანკო-ტექნიკური, ავტოტექნიკური, საინჟინრო-საავიაციო, საინჟინრო-ტექნიკური, ქიმიურ-ტექნიკური, კავშირგაბმულობისა და ჯარების (ძალების) მართვის ავტომატიზებული სისტემების ტექნიკური, ლოგისტიკის სამსახურების ტექნიკური, მეტროლოგიური უზრუნველყოფა.
სამხედრო-საზღვაო ძალებში ტექნიკური უზრუნველყოფის სახეობებს განეკუთვნება აგრეთვე ხომალდების (გემების) და მათი სპეციალური შეიარაღების ტექნიკური, ტორპედო-ტექნიკური უზრუნველყოფა. ხომალდების (გემების) და მათი სპეციალური შეიარაღების ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება იმ მიზნით, რომ მუდმივი საექსპლუატაციო მზადყოფნის მდგომარეობაში ჰქონდეთ ხომალდების (გემების) ენერგეტიკული დანადგარები, სისტემები და მოწყობილობები, კორპუსი, ნაღმტორპედოების, ნაღმსაწინააღმდეგო, ნავსაწინააღმდეგო და სხვა შეიარაღება, აგრეთვე გაარემონტონ და მწყობრში დააბრუნონ დაზიანებული ხომალდები. ტექნიკური უზრუნველყოფა იგეგმება, ეწყობა და ხორციელდება ოპერატიულ და ლოგისტიკურ უზრუნველყოფასთან მჭიდრო ურთიერთქმედებით.
ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემის საფუძველს შეადგენენ მოძრავი ორგანოები და ჯარების მოქმედების ზოლში არსებული მისი სტაციონარული ძალები და საშუალებები. ტექნიკური უზრუნველყოფის ინტერესებისათვის ეწყობა ტექნიკური დაზვერვა.