ტრიკოტაჟული ტექსტილური მასალები
ტრიკოტაჟული (ნაქსოვი) ტექსტილური მასალები – ტრიკოტაჟი (ფრანგ. tricotage ნაქსოვი ნაკეთობა) წარმოადგენს ტექსტილურ მასალას (ტრიკოტაჟის ტილო) ან მზა ნაკეთობას ტრიკოტაჟის ტილოსგან, აგრეთვე მთლიანად მოქსოვილ ნაკეთობას, რომლის სტრუქტურა მარყუჟებით შეერთებული ძაფების ერთობლიობაა. ტრიკოტაჟული ნაკეთობისათვის დამახასიათებელია გაჭიმვადობა, ელასტიკურობა და სირბილე.
ტრიკოტაჟული ტექსტილური მასალები და მათი მსგავსი სტრუქტურები ჯერჯერობით ნაკლებად გამოიყენება ტექსტოლიტების მასიურ წარმოებაში, თუმცა სტრუქტურების შექმნა მოცემული მიმართულებით განლაგებული ძაფებით მნიშვნელოვანია მაღალი დატვირთვებით მომუშავე ტექსტოლიტური საპასუხისმგებლო დეტალებისა და ნაკეთობების დამზადების თვალსაზრისით. ტრიკოტაჟული ტექსტილური მაარმირებელი მასალები, დიდი დამყოლობის გამო, საშუალებას იძლევა შეიქმნას მრუდზედაპირული ხისტი კომპოზიტები.
სამგანზომილებიანი ქსოვილებისა და ნაქსოვხლართული სტრუქტურების გამოყენება უმჯობესია მაღალი მექანიკური დატვირთვებით მომუშავე პოლიმერული კომპოზიტური დეტალებისა და კონსტრუქციების დასამზადებლად. მაარმირებლად ასეთ მასალებში გამოიყენება პარაამიდური, ნახშირბადისა და სხვადასხვა არაორგანული ძაფები. მოცულობით სტრუქტურებს კი დასამზადებელი ნაკეთობის გარეგნული ფორმა აქვთ, ხოლო ძაფების განლაგების მიმართულება აქაც უნდა ემთხვეოდეს მაქსიმალური მექანიკური ძაბვების მიმართულებას. ნაკეთობის საბოლოო სახე მიიღება მოცულობი-თი სტრუქტურის გაჟღენთვით რეაქტოპლასტის კომპონენტებითა და შემდეგ მატრიცის თანდათანობითი გამყარებით ბუნებრივ პირობებში.