ფოვისტები
ფოვისტები: ფერის ველური მხეცები – საფრანგეთში ჯერ კიდევ მოქმედებდა სალონის სისტემა, მაგრამ გაჩნდნენ ხელოვანები, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ მისი კონსერვატულობით. ამ ჯგუფმა, რომელშიც ანდრე დერენი (André Derain, 1880-1954), ანრი მატისი (Henri Matisse, 1869-1954), ჟორჟ რუო (Georges Rouailt, 1871-1958) და ალბერ მარკე (Albert Marquet, 1875-1947) შედიოდნენ, 1903 წელს ალტერნატიული, "შემოდგომის სალონის" (Salon d’Automne) სახელით ცნობილი გამოფენა მოაწყო, რომელიც ოფიციალური სალონისგან განსხვავებით, გაზაფხულის ნაცვლად, შემოდგომაზე მართავდა ექსპოზიციას.
"შემოდგომის სალონი", რომელმაც I მსოფლიო ომის დამთავრებამდე იარსება, ემიჯნებოდა ოფიციალურ სალონს და ავანგარდული ხელოვნებისადმი ჟიურის მეტ გახსნილობას ჰპირდებოდა საზოგადოებას. XX საუკუნის პირველი მნიშვნელოვანი მიმდინარეობის დებიუტიც სწორედ ამ სალონის მოუწესრიგებელ დარბაზებში შედგა. დერენის, მატისის და მორის დე ვლამინკის (Maurice de Vlaminck, 1876-1958) 1905 წელს მოწყობილი გამოფენები ისეთი თავშეუკავებელი, ფეთქებადი ფერებითა და წერის უხეში მანერით გამოირჩეოდა, რომ კრიტიკოსმა ლუი ვოქსელმა მათ ფაუვეს (ველურები) უწოდა. ამ ფრანგული სახელით გახდნენ ისინი მალევე პოპულარულები. ახალგაზრდა ხელოვანებმა ფერის ფრანგული ტრადიცია და წერის მძლავრი მანერა ინტენსიურობისა და ექსპრესიულობის ახალ სიმაღლეზე აიყვანეს და სრულიად ახლებურად გაიაზრეს სასურათე სიბრტყე.
დერენისა და მატისის მიერ, 1905 წელს, საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვის საპორტო ქალაქ კოლიურში შექმნილი სურათები პირველი უმნიშვნელოვანესი ფოვისტური ნამუშევრებია. სურათში მთები კოლიურში დერენმა სუფთა პიგმენტის მოკლე, ფართე მონასმები გამოიყენა. მთების გრეხილებზე ერთმანეთს ლურჯისა და ნარინჯისფრის ტონები შეუპირისპირა, ხეების გამოსახულებებში კი მწვანე და წითელი გააერთიანა, რითიც კიდევ უფრო გაამძაფრა ფერთა ინტენსიურობა. მან ნახევრადბუნებრივი ფერების მთელი სპექტრი შეარჩია — ხეები და ბალახი მწვანეა, ხის ღეროები — თითქმის ყავისფერი. სურათი პეიზაჟად შეიცნობა, თუმცა იმავდროულად, მხატვრის ერთგვარ ფერწერულ სავარჯიშოდაც შეიძლება იყოს მიჩნეული. კაშკაშა ფერთა ერთგვაროვნება სივრცითი პერსპექტივის ნებისმიერ შესაძლო ეფექტს ამცირებს. შედეგად, მნახველები აცნობიერებენ, რომ ისინი ფერწერით დაფარული ტილოს ბრტყელ ზედაპირს უყურებენ და არა ბუნების ილუზიონისტურ გამოსახულებას. ფერის ფეთქებად ბუნებასთან ერთად, ფერწერასა და გამოსახულებას შორის არსებული ასეთი დაპირისპირება, ვიზუალურ ენერგიას გამოიმუშავებს, რომელიც პოზიტიურად იფრქვევა სურათიდან. დერენი თავის ფერთა გამას "დინამიტის ჩხირებს" უწოდებდა, დამატებითი ტონების მკვეთრ შეპირისპირებას კი "გააზრებულ დისჰარმონიას".
"გააზრებული დისჰარმონიით" მატისიც იყო გატაცებული. ამას მოწმობს შემოდგომის სალონში, 1905 წელს წარმოდგენილი ნამუშევარი ქალი ქუდით, რომელიც საკამათო აღმოჩნდა მსუყე ლაქებად, თითქოს შემთხვევითად დადებული, არაბუნებრივი ფერებისა და წერის ფართო, უხეში მანერის გამო. ქალბატონს, რომელიც სხვა შემთხვევაში, პორტრეტის ჩვეულებრივი ობიექტი იქნებოდა, სქელი მწვანე ზოლები დაუყვება შუბლსა და ცხვირზე. ატეხილი ხმაურის მიუხედავად, ეს ნამუშევარი ავანგარდული ხელოვნების უდიდეს მფარველებად ცნობილმა, ამერიკელმა და- ძმამ, ჰერტრუდა და ლიო სტაინებმა შეიძინეს 1905 წელს.
იმავე წელს, მატისმა დაიწყო მუშაობა ტილოზე LE BONHEUR DE VIVRE (სიცოცხლის სიტკბოებანი). დიდი, პასტორალური პეიზაჟი ოქროს ხანას ასახავს — წინა პლანზე წამოწოლილი შიშველი ფიგურა ფლეიტაზე უკრავს, სურათის მარჯვენა, შუა ნაწილში თხებს მწყემსავს მეორე დამკვრელი, ერთმანეთს ეხუტებიან წინა პლანზე გამოსახული საყვარლები, სხვები კი მხიარულად ცეკვავენ სიშორეში. იმავე წელს შექმნილი, სეზანის დიდი მობანავეების მსგავსად, Le bonheur de vivre მასშტაბითა და თემით აკადემიური ტიპის ნამუშევარია, თუმცა ავანგარდულია სხვა მრავალი თვალსაზრისით — განსაკუთრებით, "დაბრტყელებული" ფიგურებით, მათ შორის არსებული სივრცითი კავშირის დამახინჯებით. მატისმა ხაზი გაუსვა ფერის ექსპრესიას, ხალხური ხელივნებისთვის ტრადიციულ, დაუმუშავებელ ფორმებსა და მკაფიო კონტურებს. შესაძლოა, წარსულში მხატვრები თავის გრძნობებს ფიგურათა პოზებისა და სახის გამომეტყველების მეშვეობით გამოხატავდნენ, მაგრამ ახლა... "მთელი ჩემი სურათი ექსპრესიულია. ადგილი, რომელსაც ფიგურები ან საგნები იკავებს, მათ გარშემო არსებული ცარიელი სივრცეები, პროპორციები, ყველაფერი თავის როლს თამაშობს... ფერის უმთავრესი მიზანი ექსპრესიის გადმოცემა უნდა იყოს, იმდენად რამდენადაც ეს შესაძლებელია" — წერდა მხატვარი.