ქართული მუხა
ქართული მუხა - (Quercus iberica Steven ex M. Bieb. = Quercus petraea subsp. Iberica [Steven ex M. Bieb.] Krassiln.); ოჯახი: წიფლისებრნი (Fagaceae). საშუალო სიმაღლის ხემცენარეა, მოწითალო-მურა ან მუქი რუხი ფერის ერთწლიანი ტოტებით, რომელიც ნორჩობაში შებუსულია, შემდეგ – შიშველი. ფოთლები ტყავისებურია, მოყვანილობით უკუკვერცხისებურია, ზემოდან – პრიალა მწვანე, ქვედა მხარეს – მკრთალი მწვანე ფერის, თხლად და ნაცრისფრად შებუსული და შიშველი; ფოთლის კიდეები მოკლენაკვთებიანია ან თითქმის მსხვილკბილა, 8-10 წყვილი თითოეულ მხარეს; ნაკვთები ბლაგვია ან წვერში შევიწროებული; ძარღვები ფოთლის ქვედა მხარეს კარგადაა გამოსახული. ყვ. ნაყ. IV-V. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლებში. კახეთში ქმნის მუხნარი ტყის სარტყელს. გავრცელებულია მთელ საქართველოში.
ბეთელის მუხა – ბიბლიური მცენარეები
ბეთელის მუხა (Quercus inhabuensis) – ძველი აღთქმის წიგნში საკმაოდ ხშირადაა საუბარი მუხაზე, რაც მეტწილად გარკვეულ ისტორიულ მოვლენას, რომელსაც ადგილი ჰქონდა წმინდა მიწაზე და, რომელიც ყოველთვის უკავშირდება რეალურ ისტორიულ პიროვნებას. ამასთან, როცა ბიბლიაში საუბარია მუხაზე, დაკონკრეტებული არ არის, კერძოდ მუხის რომელ სახეობასთან გვაქვს საქმე. დროთა განმავლობაში მოხდა მუხის ამ სახეობათა იდენტიფიკაცია. ძირითადად გვხვდება სამი სახეობის მუხა: თაბორის (ბეთელის, მამრეს) მუხა, Quercus ithaburensis, რომლის ებრაული სახელწოდებაა „ალონ ჰა ტავოღ“, პალესტინის მუხა Quercus calliprinos, ებრაულად – „ალონ მაცუი“ და ალეპოს მუხა – Quercus boissieri, ებრაულად – „ალონ ჰა ტულა“.
„ააგო იქ სამსხვერპლო და უწოდა იმ ადგილს სახელად ელ-ბეთელი, რადგან აქ გამოეცხადა ღმერთი, როცა თავის ძმას გაურბოდა. მოკვდა დებორა, რებეკას ძიძა, და დამარხეს ბეთელს ქვემოთ, მუხის ქვეშ. უწოდა სახელად ამ ადგილს ალონ-ბაქუთი (მუხა გლოვისა).“
დაბადება 35, 7-8
„გასცდები ამ ადგილს და მიხვალ თაბორის მუხნართან და შეხვდები ბეთელისკენ სალოცავად მიმავალს სამ კაცს. ერთს სამი თიკანი მიჰყავს, მეორეს სამი პური მიაქვს, მესამეს ტიკით ღვინო. მშვიდობით მოგიკითხავენ და ორ პურს მოგცემენ, შენც გამოართმევ.“
1 მეფეთა 10,3-4
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016. ბიბლიური მცენარეები