შავბალახა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:17, 21 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შავბალახა - Leonurus quinquelobatus Gilib.

Leonurus quinquelobatus Gilib.შავბალახა

მრავალწლოვანი ბალახოვანი 2 მ-მდე სიმაღლის მცენარეა, მოწითალო-იისფრად შეფერილი, სწორმდგომი, დატოტვილი, ღრუ, გაფარჩხული ბეწვით მოფენილი ღეროთი, გამერქნებული ფესურით. ღეროსეული ფოთლები მომრგვალო-ელიფსურია, 5-7-ად ღრმად დაყოფილი; ქვედა მხრიდან – ბაცი მწვანე, ზედა – მუქი მწვანე, დაფარულია ხშირი ბეწვით. ყვავილი წვრილია, ორტუჩა, შეკრებილია რგოლებად გრძელ ყვავილედში. გვირგვინი ვარდისფერია ან მოვარდისფრო-იისფერი, 1,5¬ჯერ გრძელია ჯამზე. ნაყოფი იშლება 4 სამწახნაგოვანი ფორმის კაკლუჭად. მთელი მცენარე ნაცრისფერი შეფერილობისაა, უხვად შემოსილი ბეწვების გამო. ყვ. VI-IX; ნაყ. VIII-X.

იზრდება რუდერალურ ადგილებზე, ბუჩქნარებში, ნასახლარებზე, მიტო ვებულ ნაკვეთებზე დაბლობიდან მთის ზედა სარტყლამდე. ფიტოთერაპიაში აქტიურად გამოიყენება მიწისზედა ყლორტების ზედა ნაწილები, შეგროვილი ყვავილობის პერიოდში, რომელიც მრავალმხრივი სამკურნალო თვისებებით და გამოყენების ფართო სპექტრით ხასიათდება. შეიცავს – ფლავონურ გლიკოზიდებს, უმთავრესად რუტინს, ეთერზეთებს (კვალის სახით), საპონინებს, ალკალოიდ სტახიდრინს, მწარე დამთრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს, Ca და K-ის მარილებს.

ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, არტერიული წნევის დამწევი, ძალის გამაძლიერებელი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციების მარეგულირებელი, კლიმაქტერიული პერიოდის მომწესრიგებელი, სედატური მოქმედებით; ანელებს გულის კუმშვადობის რიტმს, გამოირჩევა კრუნჩხვების საწინააღმდეგო აქტივობით, სასურველად მოქმედებს ნახშირწყლებისა და ცხიმების ცვლაზე, აქვეითებს გლუკოზის, რძისა და პიროყურძნის მჟავეების, ქოლესტერინის, სისხლში საერთო ლიპიდების დონეს, ახდენს ცილოვან ნივთიერებათა მაჩვენებლების ნორმალიზებას.

შავბალახას პრეპარატები თავისი ბიოლოგიური მოქმედებით კატაბალახას (Valeriana officinalis) უახლოვდება. გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი საშუალება მაღალი ნერვული აღგზნებადობის, გულ-სისხლძარღვთა ნევროზის, ჰიპერტონული და გულის იშემიური დაავადებების, მიოკარდიტის, ტირეოტოქსიკოზის, უძილობის, ვეგეტოსისხლძარღვების დისტონიის, ნევრასტენიისა და ფსიხოსტენიის, ნევროზების სამკურნალოდ. დადებით შედეგებს იძლევა წინა და კლიმაქტერიულ პერიოდებში ცენტრალური ნერვული სისტემების ფუნქციონალური დარღვევებისას. მას უნიშნავენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნევროზების, მეტეორიზმისა და სპასტიკური ტკივილებისას.

უკუჩვენება: ჰიპოტენზია, ბრადიკარდია. ბიძინაშვილი, 2017.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები