ცაცხვი
ცაცხვი – (Tilia caucasica Rupr. = Tilia rubra subsp. Caucasica [Rupr.] V. Engl.); ოჯახი: ცაცხვისებრნი (Tiliaceae). 40 მ სიმაღლის ხეა. მისი ნორჩი ტოტები შიშველია ან შებუსული, მოწითალო. ფოთლის ყუნწები შიშველია. ფოთლები უხეშია, ფორმით მომრგვალო-კვერცხისებური. ქვედა მხარე მწვანეა, შიშველი ან მცირედ შებუსული, კიდეებზე ბასრხერხკბილა. ყვავილედი 12-25 ყვავილისგან შედგება. გვირგვინი ყვითელია. ყვ. VI-VII; ნაყ. VIII-IX. მცენარე იზრდება ტყეებში, ხეობებში, ცალკეური ინდივიდების ან პატარა ჯგუფების სახით.
არსებობს ცაცხვის 40-მდე სახეობა. გავრცელებულია ჩრდილო ნახევარსფეროს ზომიერ და სუბტროპიკულ ზონებში. განსაკუთრებით ბევრი სახეობაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ნაკლები – ევროპის, ამერიკისა და აზიის ზომიერ სარტყლებში. უყვარს თბილი და ტენიანი გარემო, ამიტომ ყველაზე კარგად ხარობს დასავლეთ ამიერკავკასიაში, შორეული აღმოსავლეთის სამხრეთში. ადვილად მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად. ევრაზიის კონტინენტზე გავრცელებული ჯიშებიდან ცნობილია შემდეგი სახეობები: ამერიკული, ამურის, ჩინური, წვრილფოთლოვანი, მსხვილფოთლოვანი, ჰენრი, იაპონური, მანჯურიის, მაქსიმოვიჩის, მექსიკური, მონღოლური, დასავლური, ოლივერის, ბრტყელფოთოლა, ციმბირის, ტუანი და სხვ.
გარეგნულად ცაცხვი მეტად ლამაზი ხეა, ამიტომ მას ხშირად იყენებენ დეკორატიული დანიშნულებით ბაღების, სკვერების, ქუჩების, მაგისტრალების დასამშვენებლად. ტანის დიამეტრი 2-3 მეტრია, ზოგჯერ 5 მ-საც კი აღწევს. ცოცხლობს 300-400 წელიწადს. ჭრა იწყება, როცა წლოვანება აღწევს 90 წელს.
ცაცხვის მერქანს თეთრი ან მოწითალო-მოთეთრო ფერი აქვს. ის ადვილად იჭრება, ირანდება და იპობა. საქართველოში მსხვილი ცაცხვის მორებისაგან (დიამეტრით 1,5-2 მ) აკეთებენ საწნახელს, სასოფლო-სამეურნეო და საოჯახო ინსტრუმენტებს და ნაკეთობებს. ის შესანიშნავი მასალაა ფანერის, სახაზავი დაფების, ავეჯის, ფეხსაცმლის ხუნდების სექტორების, ხის კასრების, მუსიკალური ინსტრუმენტების, ევროპული სავაგონე ლამფის დასამზადებლად. ცაცხვის ფოთლებს, ქერქს, ლაფანს წარმატებით იყენებენ სააფთიაქო მრეწველობაში, აგრეთვე ალკოჰოლური სასმელების წარმოების ტექნოლოგიაში. ცაცხვი უძველესი დროიდან მოიხმარებოდა ჩუქურთმებიანი ნაკეთობებისა და დეტალების შესაქმნელად, რადგან ადვილი დასამუშავებელია და თანაც ქათქათა თეთრი ფერის მერქანი აქვს. მეფის რუსეთის არსებობის პერიოდში არამზადები ცაცხვის მერქნისაგან ამზადებდნენ სამეფო (სათავადაზნაურო) ბეჭდის ასლებს, საიდანაც წარმოიშვა და გავრცელდა ფრთიანი გამოთქმა „ყალბი ბეჭედი” („Липовая печать”, ანუ უბრალოდ "липа" – ყალბი).
ცაცხვის მერქნის მახასიათებლები
- ცაცხვის საშუალო სიმკვრივე – 490-530 კგ/მ3;
- სიმკვრივის ზღვრები – 320-600 კგ/მ3;
- სიმტკიცე ღუნვაზე – 90-106 მპა;
- სიმტკიცე კუმშვაზე – 44-52 მპა;
- სიმტკიცის ზღვარი – 85 მპა;
- გრძივი შეკლება – 0,3%;
- რადიალური შეკლება – 5,5%;
- ტანგენციალური შეკლება – 9,1%;
- გაჯირჯვება რადიალური – 0,15-0,23%;
- გაჯირჯვება ტანგენციალური – 0,24-0,32%.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი