ცეკვა დავლურ-მთიულური
ცეკვა დავლურ-მთიულური – ქალ-ვაჟის შესრულებით ორნაწილიანი სამიჯნურო ცეკვაა. პირველს დავლური ეწოდება, მეორეს — მთიულური. ორივე ნაწილი ერთმანეთთან ორგანულადაა დაკავშირებული და მიჯნურობის ორ ეპიზოდს გამოხატავს: მიჯნურთა პირველ შეხვედრას; სამიჯნურო გრძნობების განვითარების სხვადასხვა მხარეს: ურთიერთგამოცდას, მღელვარებას, ქალ-ვაჟის კეთილშობილურ ოცნებასა და მისწრაფებას.
დავლურში ქალი ამაყი იერით ცეკვავს, თუმცა ფარული ტემპერამენტი გამოსჭვივის — სვლა ნარნარი და გრაციოზულია. ქალი-ვაჟის პირისპირ შეხვედრისას, ქალს გაბედულება ეტყობა და ინიციატივა უფრო მეტად მისგან მოდის. მეორე ნაწილში ქალი ლაღია, სწრაფი, ღიმილიანი, გამოხედვა — კეკლუცი. ქალი გრძნობს, რომ ვაჟი მისით მოხიბლულია, მაგრამ ცდილობს, ამაში უფრო მეტად დარწმუნდეს, ამიტომ ზოგჯერ დაშორდება, ზოგჯერ მიუახლოვდება ვაჟს. გარდა ამისა ქალს სურს, გამოცადოს ვაჟის სიმარდე, სიფხიზლე და თავშეკავების უნარი.
ცეკვის პირველ ნაწილში ვაჟი ამაყად გამოიყურება, მისი მიხვრა-მოხვრა კეთილშობილურია, ვაჟკაცური, დინჯი, წყნარი. ქალს ინიციატივას უთმობს, ოღონდ იგრძნობა დიდი ნებისყოფა და მიხვედრილობა. ვაჟი ფხიზლობს — ქალს არ შეეხოს. მეორე ნაწილში (მთიულურში) ის სამოქმედო არის ცენტრში გააზრებულად ექცევა, რათა ქალს „ლაღად ფრენის“ საშუალება მისცეს, მხოლოდ შემდეგ, ქალის სილამაზით მოხიბლული და გრძნობებით გატაცებული, კვლავ ქალის გვერდზე აიმართება. ვაჟი მუდამ ქალს უყურებს, მიჯნურს ერთ წამსაც არ აშორებს თვალს. ცეკვის ილეთებს მოხდენილად ასრულებს, მის ნახტომებში ჰაეროვანი სიმსუბუქე იგრძნობა. წელგამართული, მკლავფეხმაგარი, მოქნილი, მოხდენილი ცეკვის ფინალში მხნედ, გაბედულად და სხარტად მიჰყვება ქალს, სანამ ქალი სწრაფად არ შებრუნდება, შეჩერდება და მზერით უსიტყვოდ ეტყვის ვაჟს: „მთიელო, მარად შენი ვარ“.
ცეკვა დავლურ-მთიულურის ზოგიერთი დეტალი
ცეკვა დავლურ-მთიულური, როგორც ვიცით, ორნაწილიანია. პირველი ნელტემპიანი, მეორე — სწრაფი. პირველი ნაწილის (დავლურის) 43-ე ტაქტიდან მუსიკა თანდათან აჩქარდება 54-ე ტაქტამდე და შემდეგ გამოკვეთილ ჩქარ ტემპზე გადადის.
საჭიროა, დავლურის მუსიკალური მელოდიის დასაწყისს უსწრებდეს დოლი ან დაირა, მელოდიის რიტმის შესაბამისად 3 ან 4-ტაქტიანი შესავლით, რომლის დროსაც ქალ-ვაჟი ბაქანზე გამოვა (ქალი — ბაქნის 3 მხრიდან, ვაჟი — 7-დან), შორიდან თავის დაკვრით ერთმანეთს მიესალმება და მელოდიის პირველი სათვალავიდანვე წრეშემოვლას დაიწყებს. პირველი 8 ტაქტი ქალს თავი სწორად უჭირავს, ვაჟს არ უცქერს, მე-9 ტაქტიდან, ცენტრისკენ შებრუნებისთანავე, ამაყად და გაბედულად შეხედავს ვაჟს; მეთერთმეტე ტაქტზე, უკან დახევასთან ერთად, თავს დინჯად დახრის, რაც ნიშნავს „დავლური განვაგრძოთო,“ და მე-13 ტაქტიდან ცეკვის დამთავრებამდე ქალ-ვაჟი ერთმანეთს თვალს არ აშორებს, ვაჟი კი — ცეკვის დაწყებიდანვე.
ცენტრში ქალ-ვაჟის ერთმანეთის პირისპირ შეხვედრიდან — 25-ე ტაქტიდან — ქალი „იერიშს“ იწყებს, ვაჟი იძულებულია, ქალს დაუთმოს და ოდნავ უკან დაიხიოს, მაგრამ თავაზიანად ქალსაც უკან დაახევინებს (27-28 ტაქტი); ქალი ხელახლა გადავა „შეტევაზე“ (29-30 ტაქტი), ვაჟი ისევ თმობს და უკან იწევს, შემდეგ ვაჟი ხელახლა თავისი ადგილისაკენ წაიწევს, ქალი უკან დაიხევს; ამის შემდეგ ქალ-ვაჟი თითქმის მხარიმხარ იწყებს წრეშემოვლას, სანამ თავიანთ ძველ ადგილებზე არ მივა, შემდეგ ერთმანეთს დაშორდება — მეორე „ტურის“ დასაწყებად (37-42 ტაქტი). ამ ექვსი ტაქტის განმავლობაში ერთმანეთს ახედ-დახედავენ. 43-ე ტაქტიდან იწყებენ წრეშემოვლას სვლაგეზის თანდათან ცენტრისკენ შევიწროებით, რის დროსაც ქალს აღელვება ემჩნევა: ხან გაბედულად მიქრის, ხან წამით შეჩერდება, თითქოს სურს, სვლაგეზი შეცვალოს, მაგრამ არა — „ის სულ წინ ივლის, წინ!“ — ამ გადაწყვეტილებით ელვისებურად შებრუნდება (55 ტაქტი) და სწრაფ წრეშემოვლაზე გადავა. აი, აქედან იწყება ცეკვის მეორე ნაწილი — მთიულური. მელოდია იგივეა, რაც დავლურის დროს, მაგრამ სწრაფ ტემპში იგი სულ სხვანაირად ჟღერს — ლაღად, ხალისიანად, აღმაფრენით… მთის ნიავივით მიქრის ქალი, აგერ გარს შემოურბინა ვაჟს, რომელიც, ქალის ხალისით, სიმარდითა და სილამაზით გაოცებული, წამით შეჩერდა, მაგრამ შემდეგ შვლის ნახტომით (61 ტაქტი) ქალის წინ გაჩნდა, თითქოს იმ მიზნით, რომ „გზა ჩაუკეტოს“, მაგრამ ვერ ბედავს, გზას უხსნის ქალს და თან მიჰყვება. ქალი ისევ წინ მიქრის, ვაჟი შიშობს, „ნუთუ წავა, გაქრება ეს შევარდენი!“ ის ცდის ქალს და „გაყოლას“ უკუსვლით შეცვლის, ქალს ჩამორჩება, ქალი შეამჩნევს ვაჟის განზრახ ჩამორჩენას, სწრაფად მარცხნივ გადაიხრება, მხარს იცვლის და ვაჟისკენ გაემართება. ქალი ვაჟს წამოეწევა (78 ტაქტი), აქ ისევ განმეორდება „ურთიერთშეტევა“. ქალი ვაჟს ცდის, ვაჟი — ქალს. ბოლოს ქალი მკლავებს ფრთებივით გაშლის და მიქრის… ვაჟკაცური და სხარტი ილეთებით (105-112 ტაქტი) ვაჟი ქალს მისდევს, ხან ოდნავ უსწრებს, ხან ჩამორჩება. 113-ე ტაქტზე ქალი სწრაფად შებრუნდება, შეჩერდება და ვაჟთან ერთად ცეკვას ამთავრებს.
ბოლო დავლისას (105 ტაქტი) მკლავების გაშლასთან ერთად ქალი მანდილსაც გაშლის, თავს თანდათან მაღლა აწევს, მკლავებს ზეამართავს და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს, მართლაც, მიწას ასცილდაო.
დავლის თანდათან გაძლიერების (კრეშჩენდოს) შესაგრძნობად, საჭიროა, 105-ე ტაქტი მცირე ნაბიჯით დაიწყოს, შემდეგ სიგანე და ექსპრესია მოემატოს და 111—112-ე ტაქტზე ზენიტს მიაღწიოს.
აღწერილ ცეკვაში თითქმის ყოველი ქორეოგრაფიული ფრაზა, ყოველი ილეთი მარჯვენა ფეხით იწყება, ამიტომ საჭიროდ არ მივიჩნიეთ სქემაში ამის მრავალჯერ გამეორება.