ცის ზარები
ცის ზარები – სანამ გელათი აშენდებოდა, ამ ადგილას ერთ პატარა ბიჭს ერთხელ ციდან ზარების რეკვის ხმა შემოესმა. გაიქცა ეს ბიჭი დავითთან და მოახსენა ეს ამბავი. წამოყვა დავითი ბიჭს. მოვიდნენ იმ ადგილას, მაგრამ დავითმა ვერ გაიგონა რეკვის ხმა.
ბიჭმა უთხრა: აბა, დამადე ფეხზე ფეხიო. დაადო დავითმა ფეხზე ფეხი და მასაც მოესმა ციდან რეკვა და მალე სწორედ ამ ადგილზე დაიწყო გელათის შენება. ერთდროულად აშენებდა მარტვილს, მცხეთას და გელათს. დღეს იქ იყო, ხვალ – აქ. მფრინავი რაში ჰყოლია.
დავითი რომ დაიძახებდა: ჰეეო! სამგანვე ერთდროულად ერთმანეთზე დაიდგმებოდა დიდი ლოდები.
ძველად ხარაჩოები არ ყოფილა. რამდენ ქვასაც დადგამდნენ, იმდენ მიწას მიაყრიდნენ თურმე და ასე ზევით და ზევით ადიოდნენ. შენებას რომ დაამთავრებდნენ, მერე მიწას გადათხრიდნენ და ეკლესიაც გამოჩნდებოდა.