ცხენის კბილა
Fam. Amarryllidaceae — ოჯახი: ამარილისებრნი Leucojum aestivum L. — ცხენის კბილა მეგრულად — ცხენიში მაკიბირაია მრავალწლოვანი ბოლქვიანი მცენარეა. ცალკეულ მცენარეზე წარმოიქმნება 6-10 ფოთოლი, ფართო ხაზური ფორმის, წვეროსკენ წაწვეტებული, კაშკაშა მწვანე, პრიალა ზედაპირით, საყვავილე ღეროზე მნიშვნელოვნად მოკლეა. საყვავილე ღერო 40-60 სმ სიმაღლისაა, უფოთლო, წახნაგებიანი; ღეროს ზედა ნაწილში განლაგებულია 1-7-მდე ყვავილი, რომლებიც ცალგვერდა მტევნისებრ ყვავილედადაა შეკრებილი. ყვავილსაფარი თეთრია, მისი ფოთლები ბოლო გასქელებულია და მწვანე ლაქიანი. ყვ. — IV; ნაყ. — VI.
იზრდება ზღვის სანაპირო ჭაობებსა და დატბორილ მდელოებზე, დაბლობებში, ტენიან დაჭაობებულ მდელოებზე, ბუჩქნარებში, მურყნარებში. სამკურნალო ნედლეულია ბოლქვები და მცენარის მიწისზედა ნაწილები, შეგროვილი ყვავილობის პერიოდში. შეიცავს ალკალოიდებს (გალანტამინს, ლიკორინს, ლიკორენინს, ტაცეტინს, იზოტაცეტინს). ბოლო წლებში გამოიყო უნგერინი და ახალი ალკალოიდი სტივინი. ყვავილებში აღმოჩენილია ფლავონოიდები (ლეიკოზიდი, ლეიკოვერნიდი და სხვ.), კაროტინოიდები (ქსანტოფილი, α-კაროტინი, β-კაროტინი), მიწისქვეშა ნაწილებში — ნახშირწყლები, აზოტის შემცველი შენაერთები (ლექტინები). მცენარის სამკურნალო მოქმედება განპირობებულია ალკალოიდების შემცველობით, კერძოდ გალანტამინით. მის საფუძველზე დამზადებული პრეპარატები, კერძოდ ნივალინი, ნივალერი და სხვ. ავიწროებს ქოლინესტერაზის აქტივობას, ამტკიცებს აცეტილქოლინის შემცველობას, ამჟღავნებს ქოლინომიმეტრიულ ეფექტს, ამაღლებს გლუვი მუსკულატურის ტონუსს და სხვ. გარდა ამისა ხასიათდება ამოსახველებელი მოქმედებითაც.
სადღეისოდ სამედიცინო პრაქტიკაში გალანტამინი ფართოდ გამოიყენება დამბლის, პოლიომელიტისა და პარალიზირებული ორგანოების სამკურნალოდ. იხმარება აგრეთვე ნერვული აშლილობის, ენცეფალოპატიის, ბავშვების ცერებრალური დამბლის, ნევრალგიის, ოპიუმით მოწამლვისას. ხალხურ მედიცინაში ფოთლების ნახარშს იყენებენ ასთმის, ნერვული აღგზნებადობის, ეპილეპსიის სამკურნალოდ. სამურზაყანოს ადგილობრივი ექიმები, თანახმად ი. შაბლოვსკისა (1886) ბოლქვებს იყენებდნენ ძაღლების მოსაწამლად. მცენარე შხამიანია, რის გამოც, მისი გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო (ბიძინაშვილი, 2018).