ძველი აღთქმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძველი აღთქმა - ქართული „აღთქმის“ შესატყვისებია: ებრ. „ბერით“, ბერძნ. „დიათეკე“, ლათ. „ტესტამენტუმ“, რუს. „ზავეტ“. მათი მნიშვნელობებია - ანდერძი, დაპირება, კავშირი, ხელშეკრულება. „ძველი აღთქმა“ გულისხმობს იმ დაპირებას, იმ კავშირს, იმ ხელშეკრულებას და იმ ანდერძს, რომელიც ქრისტეს შობამდე აღუთქვა ღმერთმა ადამიანს. ფაქტობრივად, ესაა ხელშეკრულება ორ სუბიექტს - ღმერთსა და ადამიანს - შორის.

ისტორიის კონკრეტულ ჟამს ღმერთი განკაცდა ქრისტე იესოში, რომელმაც აღთქმა განაახლა და მისი შინაარსი სრულყო. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ორივე აღთქმა არსებით ერთი და იგივეა. აქ საქმე ერთი მთელის სხვადასხვა საფეხურებთან გვაქვს. ადამიანისა და ღვთის ურთიერთობის ისტორია სხვა არაფერია, თუ არა აღთქმის შინაარსის ეტაპობრივად გაცხადება და დაზუსტება, ამ შინაარსის გაღრმავება.

უზენაესი ღმერთი - ყოვლადწმიდა სამება - ერთიანი ნებით და მადლით ისტორიის კონკრეტულ ჟამსა და ალაგს ეცხადებოდა სათნო და მართალ ადამიანებს, რჩეულ პიროვნებებს და აუწყებდა სიბრძნეს და მეცნიერებას. ეს ადამიანები ცნობილი არიან წინასწარმეტყველებად და მოციქულებად.

წინასწარმეტყველნი ძველი აღთქმის ავტორები არიან, მოციქულნი - ახლისა. აქვე უნდა ითქვას, რომ ძველი აღთქმის ყველა ეპიზოდი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალიც კი, არის მინიშნება ახალ აღთქმაზე. ნეტარი ავგუსტინეს თქმით: „ძველ აღთქმაში დაფარულია ახალი აღთქმა და ახალ აღთქმაში გაცხადებულია ძველი“. ბიბლიის პირველ ხუთ წიგნს - ხუთწიგნეულს-ებრაულად, დედნის ენაზე, ეწოდება თორა (კანონი). მათ ავტორად ანუ ჩამწერად ითვლება ღმერთთანმეტყველი მოსე, რომელმაც მამების რჯული აღადგინა, მონობის ქვეყნიდან გამოიყვანა ერი და აუწყა ზეციური განგება: მცნება და კანონი. მაშასადამე, მოსეს მიეწერება ხუთი წიგნი, სადაც მოთხრობილია ქვეყნის შექმნისა და ადამიანის გაჩენის ამბავი, პირველი ცოდვა და მისი შედეგი, სამოთხიდან გამოსვლა და კაცობრიობის გამრავლება, რჩეული ერის - ისრაელის - თავგადასავალი აღთქმულ ქვეყანაში მისვლამდე.

ძველი აღთქმის დანარჩენ წიგნებში ასახულია ებრაელი ერის თვითდამკვიდრებისა და თვითაღშენების პროცესი; 12 ტომის მონოლითურ სახელმწიფოდ გაერთიანებისა და ამ სახელმწიფოს დაშლის ამბავი; ომები გარეშე თუ შინაურ მტრებთან; კვლავ მონობა, კვლავ გაფანტვა და მაინც - ხსნის იმედი და მოლოდინი. აქ არის სიბრძნე, აქ არის შეგონება, აქ არის პოეზია. მათი ავტორები, წინასწარმეტყველები, აღწერენ ცხოვრების ავსაც და კარგსაც, დაუფარავად და პრინციპულად ამხილებენ დიდსა თუ მცირეს, თავიანთ თავსაც და უცხო ძალასაც. წინასწარმეტყველთაგან, რომლებიც ბიბლიური წიგნების ავტორებად, უფრო ზუსტად, ღვთის კალმებად არიან ცნობილნი, გამორჩეული ადგილი უჭირავთ: ისუ ნავეს ძეს, დავით მეფეს, რომლის წიგნს (საგალობელთა კრებულს) ქართულად „ფსალმუნნი“ ან „დავითნი“ ეწოდება, სოლომონ მეფეს - ბრძენს, რომელსაც მიეწერება სამი კანონიკური წიგნი (იგავნი, ეკლესიასტე, ქება-ქებათა) და ერთი არაკანონიკური (სიბრძნე). მათ მოჰყვებიან წინასწარმეტყველები დიდნი (ესაია, იერემია, ეზეკიელი და დანიელი) და მცირენი რიცხვით 12 (ოსია, იოველი, ამოსი, აბდია, იონა, მიქია, ნაუმი, ამბაკუმ, სოფონია, ანგია, ზაქარია, მალაქია).

თანამედროვე ებრაული ტრადიციის მიხედვით, რომელსაც მასორეტულს უწოდებენ, ძველი აღთქმა დაყოფილია 39 წიგნად. მათ აჯგუფებენ სამ ნაწილად. პირველს ეწოდება კანონი ანუ რჯული (თორა) და შეიცავს მოსეს ხუთწიგნეულს: დაბადება, გამოსვლა, ლევიანნი, რიცხვნი, მეორე რჯული. მეორე ნაწილს კი - წინასწარმეტყველნი და შეიცავს წიგნებს: ისო ნავეს ძე, მსაჯულნი, პირველი და მეორე მეფეთა ანუ სამოელის წიგნები (ითვლება ერთ წიგნად), მესამე და მეოთხე მეფეთა (ითვლება ერთ წიგნად), ესაია, იერემია, ეზეკიელი, თორმეტი მცირე წინასწარმეტყველი (ითვლება ერთ წიგნად). მესამე ნაწილს ეწოდება წერილნი და შეიცავს შემდეგ წიგნებს: იობი, რუთი, ფსალმუნნი, იგავნი, ქებათა-ქება, ეკლესიასტე დანიელი, იერემიას გოდება, ეზრა და ნეემია (ითვლება ერთ წიგნად), პირველი და მეორე ნეშტთა (ითვლება ერთ წიგნად) და ესთერი. თუ რუთისა და მსაჯულთა წიგნებს გავაერთიანებთ ერთ წიგნად და, ასევე, იერემიას გოდებასა და იერემიას წინასწარმეტყველებას ერთ წიგნად ჩავთვლით, მივიღებთ 22 წიგნს. იოსებ ფლაბიოსის მოწმობითაც ძველად ებრაელები სწორედ 22 წიგნს თვლიდნენ მათი ანბანის 22 ასო-ნიშნის შესაბამისად.

ძველი აღთქმის არაკანონიკური წიგნები

ბიბლიის ბერძნულ თარგმანში, რომელიც სეპტუაგინტას („სამოცდაათისეული“) სახელითაა ცნობილი, შესულია ძველი აღთქმის სხვა წიგნებიც: ეპისტოლე იერემიასი და ბარუქი, ტობითი, ივდითი, სიბრძნე სოლომონისა, სიბრძნე ზირაქისა, მე-2 და მე-3 ეზრა, მაკაბელთა სამი წიგნი და კიდევ: ზოგიერთი ნაწყვეტი, ჩართული კანონიკურ წიგნებში, როგორიცაა:

  1. ესთერის წიგნის ის მონაკვეთი, რომელიც არაა დანომრილი მუხლობრივად ბერძნულ და სლავურ ბიბლიაში;
  2. მანასეს ლოცვა მე-2 ნეშტთას ბოლოში;
  3. სამი ყრმის სიმღერა დანიელის წიგნში (მე-13 თავი);
  4. მოთხრობა სუსანაზე (იქვე) და
  5. ბელსა და გველეშაპზე (იქვე, თ. 14).

ეს წიგნები და ნაწყვეტები ებრაულ ბიბლიაში არ არის. ისინი გამოჩნდნენ ბერძნულ ენაზე და სხვადასხვა დროს შეიტანეს ბიბლიაში. ეკლესია არ აღიარებს მათ კანონიკურ წიგნებად, მაგრამ მიიჩნევს აღმზრდელობითად და სულის მარგებლად.




წყარო

ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები