ძივოუ
ძივოუ - აფხ. „წყალი იშოვე“. რიტუალი გვალვის დროს. რიტუალში სოფლის ახალგაზრდობა იღებდა მონაწილეობას. ისინი ბარისპირს თოჯინასავით რთავდნენ. მდინარეზე მხიარულ მსვლელობას აწყობდნენ. ბარისპირს სახელდახელოდ შეკრულ ტივზე დაფენილ თივაზე დადებდნენ და ალმოდებულს მდინარეს გაატანდნენ. თან ლოცვითა და სიმღერით ღვთაება ძივოუს წვიმას შესთხოვდნენ. როგორც ჩანს, წყლის კულტთან დაკავშირებული აგრარული დღესასწაული და ტერმინიც ქართულ-აფხაზური კულტურულ-ისტორიული ურთიერთობის შედეგად უნდა ჩამოყალიბებულიყო აფხაზებში. ეს დღესასწაული ქართველებშიც და აფხაზებშიც ერთნაირად იყო გავრცელებული. ბარის ტართან დაკავშირებული ეს სამიწათმოქმედო, გვალვის საწინააღმდეგო და წვიმის გამომწვევი რწმენის დღესასწაული აფხაზებში ინტენსიურ მიწათმოქმედებაზე გადასვლის შემდეგ უნდა დაარსებულიყო.იგივე უნდა ითქვას, აფხაზებში მიწათმოქმედების მეორე ღვთაების ადგილ დედოფლის ჩამოყალიბების შესახებაც. აფხაზების მიწის აღსანიშნავად სწორედ ქართულ ტერმინს ადგილ-ს იყენებენ.