ძნელადწვადი მასალა
ძნელადწვადი მასალა − მასალა, რომელიც ცეცხლისა და მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით აალდება, ღვივდება ან ნახშირდება და აგრძელებს წვას, ფუჟვას ან დანახშირებას თბური წყაროს არსებობისას, მისი მოშორების შემდეგ კი წვა და ფუჟვა წყდება; ძნელადწვადი მასალა ცეცხლის ან მაღალი ტემპერატურის მოქმედებით ძნელად აალდება, ღვივა ან ნახშირდება და განაგრძობს წვას ან გაღვივებას, ვიდრე მათზე მოქმედებს ცეცხლის წყარო. ცეცხლის მოშორებით ის წყვეტს წვას ან გაღვივებას. ამ მასალების ჯგუფს მიეკუთვნება: ორგანული და არაორგანული წარმოშობის შერეული საშენი მასალები; ღრუტანიანი რკინაბეტონის ნაკეთობები, რომელთა შიგნით წვადი თბოსაიზოლაციო მასალაა; ფიბროლიტი – მერქნის ბურბუშელისა და ცემენტის ხსნარის ნარევი; ხე, დამუშავებული ღრმად გაჟღენთვის მეთოდით ცეცხლდამცავი მასალებით; შელესილი ხის კონსტრუქციები; მინერალური ბამბის ფილები ბიტუმის საფუძველზე; ასფალტბეტონი; ქეჩა, გაჟღენთილი თიხის ხსნარით; ზოგი პოლიმერი და სხვ.