წყლის ზამბახი
წყლის ზამბახი – (Iris pseudoacorus L.);
ოჯახი: ზამბახისებრნი (Iridaceae).
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები შიშველია, კაშკაშა ყვითელი ან მკრთალი ყვითელი. ყვავილსაფრის შიგნითა ფოთლები უკუკვერცხისებურია, ძალიან პატარა ზომის, გარეთა ფოთლებს იმ ადგილას, სადაც ფირფიტა ფრჩხილში გადადის, მუქი ყვითელი ან ნარინჯისფერი ლაქა აქვს და მოწითალო-ყავისფერი ძარღვები ჩასდევს. ღერო მაღალია. ფოთლები ხმლისებურია ან ხაზური. ყვ. ნაყ. IV-VI. იზრდება დაბლობზე და მთის ქვედა სარტყელში – ჭაობებში, ტბებსა და მდინარეების ნაპირებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ქალაქ ყვარლის მიდამოებში.
სამკურნალო ნედლეულს ფესურა წარმოადგენს. შეიცავს ირიდინს – იზოფლავონ ირგენიენის გლიკოზიდს, ეთერზეთებს, სახამებელს, კეტონ ირონს, რომელსაც იის სურნელი ახასიათებს, ასკორბინის მჟავას, მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს ( Кортиков, 1998).
ფესურა შედის მ. ზდრენკოს ნაკრებში, რომელიც ნებადართულია ონკოლოგიურ პრაქტიკაში, როგორც სიმპტომატიკური საშუალება. ხალხურ მედიცინაში ფესურას იყენებენ როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას კბილის ტკივილისას, კუჭის კატარის, კუჭ-ნაწლავის ჭვლების, ანგინის, სპაზმების, ტრიქომონადული კოლპიტის, შარდის ბუშტის პაპილომატოზის დროს, გასტრიტის, როგორც ამოსახველებელი საშუალება ბრონქიტის, ფილტვების ანთებისას, ხასიათდება შემკვრელი და შარდმდენი მოქმედებით წყალმანკის შემთხვევაში; წარმოადგენს თმის ზრდის მასტიმულირებელ საშუალებას (Соколов, 1952; Гаммерман, Юркевич, 1968; Гаммерман и др., 1970; Иванин и др., 1972).
მშრალი ფესურის ფხვნილი, რომელიც ხასიათდება იის სურნელით და ცვლის ე.წ. იის ფესვს (ირის ფლორენტინა) ითვლება კარგ კოსმეტიკურ საშუალებად პუდრებისა და კბილის ფხვნილის დასამზადებლად, ხოლო ნახარშს იყენებენ სახის დასაბანად და ქერტლის საწინააღმდეგოდ (Кортиков, 1998).
ძველ ქართულ ხალხურ მედიცინაში სამკურნალოდ გამოიყენებოდა ზამბახის ძირი და ზეთი. სხვა კეთილსურნელოვანი მცენარეების მსგავსად, ზამბახის ყვავილებსა და ფესურას იყენებდნენ მძიმე ავადმყოფების ან ახლად გამოჯანსაღებული, ნაავადმყოფარი ადამიანებისათვის როგორც საყნოსავ საშუალებას; იხმარებოდა აგრეთვე თვალის დაავადებების სამკურნალოდ.ტკივილების დასამშვიდებელ სხვადასხვა მალამოების შემადგენლობაში ხშირად ვხვდებით ზამბახის ზეთს (წუწუნავა, 1960).