ხის მასალის ატმოსფერული შრობა
ხის მასალის ატმოსფერული შრობა − ხის მასალის შრობა ბუნებრივ პირობებში, რომელიც წარმოებს ღია საწყობში ან ფარდულში. ის შრობის უძველესი და უმარტივესა სახეა. მასალა (ფიცარი, ძელი, ძელაკი) ეწყობა თაკარებად შპაცების გარეშე (უწყვეტ რიგებად) ან შპაცების გამოყენებით (ფიცრების ნაწიბურებს შორის შუალედების – შპაცების დატოვება). აუცილებელია მაცირკულირებელი ჰაერი თანაბრად გარს ევლებოდეს მასალის ზედაპირს. მერქნის ატმოსფერული შრობის დროს საჭიროა მუდმივი კონტროლი – სისტემატურად კონტროლდება მასალის ტენიანობა და ვიზუალურად აკვირდებიან შრობის შედეგად წარმოქმნილ დეფექტებს. იმ შემთხვევაში, თუ შეინიშნება ფიცრების ბოლოების ან გვერდების დაბზარვა, რაც მიგვანიშნებს შრობის პროცესის ინტენსიურობას, მაშინ აწარმოებენ თაკარაში ჰაერის მიწოდების შეზღუდვას გვერდითი ფარების მოწყობით. ატმოსფერული შრობის უარყოფითი მხარეა სეზონურობა და პროცესის დიდი დრო, რომელიც ზოგჯერ თვეობით განისაზღვრება, მაგრამ მისი დაბალი ღირებულება და მშრალი მასალის მიღება სიმტკიცისა და ფერის დაკარგვის გარეშე ამ მეთოდს მეტად გავრცელებულს ხდის ხის დამმუშავებელ მრეწველობაში. ატმოსფერულ შრობას ფართოდ იყენებენ დახერხილი ხის მასალის შესაშრობად პროდუქციის სეზონური გადატვირთვისას (საზღვაო პორტებში), აგრეთვე ისეთ ადგილებში, სადაც ხელი არ მიუწვდებათ კამერულ შრობაზე.