ხოვლეს წმინდა გიორგის საყდარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:36, 12 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხოვლეს წმინდა გიორგის საყდარი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხოვლედან 5 კმ-ზე, მდინარე ხეხმელას მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება VI-VII საუკუნეებით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (7,8X7,7 მ), ნაგებია თლილი მოწითალო, ხორბლისფერი ქვით. სამხრეთიდან მიშენებული აქვს დაბალი ეგვტერი. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: არა აქვს სახურავი და ლავგარდანი, ჩანგრეულია ეგვტერის კამარისა და სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილი. ეკლესიაში შესასვლელი ეგვტერიდანაა, მეორე შესასვლელი ეკლესიის დასავლეთ კედელშია ორივე შესასვლელი განიერია, გარედან არქიტრავული, შიგნიდან თაღოვანი როგორც ეკლესიის, ისე ეგვტერის აფსიდები ნალისებრია, ასეთივე ფორმა აქვს კონქების თაღებსაც. ორივე სათავსის საკურთხეველში თითო განიერი სარკმელია, დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით.

ეკლესიაში დაცულია სამმალიანი კანკელი, რომელიც ორი, სხვადასხვა ხანის, ფრაგმენტისაგან შედგება. კანკელი პირველად XI-XII საუკუნეში დაუდგამთ. მისგან შემორჩა მხოლოდ ქვის პროფილირებული სვეტები და გაშლილი ფოთლების რელიეფით მორთული კაპიტელი, რომელიც მოგვიანებით, შეკეთების დროს ეგვტერის კონქის კონსოლად გამოუყენებიათ, მეორედ კანკელი თაბაშირით აღუდგენიათ XIV საუკუნეში. მარყუჟებით შეკრული ფესტონებიანი თაბაშირის თაღები გაუკეთებიათ და შიგ დაუდგამთ თაბაშირისავე ფილები, რომელზედაც ამოჭრილია გეომეტრიული წნულის მედალიონები და ჩარჩო. როგორც ჩანს, ეს კანკელიც დანგრეულა და მისი ხელმეორედ აწყობის დროს ზოგი ნაწილი თავის ადგილას არ ჩაუსვამთ (კანკელის XIV ს. ფენის რამდენიმე ფრაგმენტი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ფონდშია დაცული).

ეკლესიის დასავლეთ კედელზე და აფსიდში შემორჩენილია მოხატულობის დაზიანებული ფრაგმენტები. სტილისტური ნიშნებით მოხატულობა XII საუკუნეს უნდა ეკუთვნოდეს.

ფასადების დეკორიდან შემრჩენილია აღმოსავლეთ სარკმლის თავსართის ფრაგმენტი. ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ფასადებზე, გვიანდელი შეკეთების დროს, რუხი ფერის დაუმუშავებელი ქვის ფილები ჩაუსვამთ.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები