| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე მიქაბერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ყუმისთავი, ქუთაისის მაზრა. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ უმაღლესი განათლების მისაღებად პოლონეთში გაემგზავრა და წარმატებით დაასრულა ვარშავის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1893 წელს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ პირველ ხანებში ქ. განჯაში მსახურობდა. ამ პერიოდიდან იწყება მისი სალიტერატურო ასპარეზზე გამოსვლაც ჯერ კორესპონდენციების, შემდეგ კი საფუძვლიანი სტატიების გამოქვეყნებით. მასწავლებლობდა თბილისის და ქუთაისის გიმნაზიებში. 1898 წლიდან იყო ქართულ გიმნაზიაში გამგის თანაშემწე, ხოლო შემდეგ გამგე. 1918 წელს მიწვეული იყო განათლების უწყების ცენტრალურ სამმართველოში დირექტორის მოადგილედ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი საქმიანობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში, სადაც ის ცნობილი საზოგადო მოღვაწის დ. კარიჭაშვილის შემდეგ მდივნად აირჩიეს. იაკობ გოგებაშვილის წინადადებით მას სხვებთან ერთად ხშირად შეუმოწმებია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლები და თავისი საქმიანი, გონივრული რჩევა-წინადადებებით სკოლებში პედაგოგიური მუშაობა სწორ გზაზე დაუყენებია. ალექსანდრე მიქაბერიძის ზემოაღნიშნული პედაგოგიური მოსაზრებანი, რომლებიც სწავლა-აღზრდის მტკივნეულ საკითხებს ეხებოდნენ, თავის დროზე უთუოდ პროგრესული იყო და სახალხო განათლების უკეთ მოწყობის საქმეს ემსახურებოდა. ალექსანდრე მიქაბერიძე ცნობილია აგრეთვე როგორც საბავშვო მწერალი და მთარგმნელი. იგი საყმაწვილო ჟურნალების "ჯეჯილის" და "ნაკადულის" მუდმივი თანამშრომელი იყო. მას ეკუთენის აგრეთვე "ტროადის ომისა" და "ოდისეას" ქართული თარგმანი-გადმოკეთება. აქტიურად თანამშრომლობდა იმდროინდელ ქართულ პრესაში. მონაწილეობა აქვს მიღებული "საქართველოს განთავისუფლების ლიგის" წესდების შემუშავებაში, რისთვისაც იგი დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში მოათავსეს. ავტორია საბავშვო მოთხრობებისა: "უდანაშაულო მსხვერპლი" (1895), "სამშობლოსათვის თავდადებული" (1899), "სამშობლოს სიყვარული" (1902); მას ეკუთვნის თარგმანები, ქართველი მწერლებისადმი და საზოგადო მოღვაწეებისადმი მიძღვნილი ნაშრომები – "მოგონებები იაკობ გოგებაშვილზე" (1937), "სილოვან ხუნდაძე", "შიო ჩიტიძე"; შეადგინა "ელინური მითები" (1938–1949) ჰომეროსის პოემების მიხედვით – "ტროადის ომი" და "ოდისეა"; წერდა "პელაგიაშვილისა" და "ყუმისთაველის" ფსევდონიმებით. ცნობილი პედაგოგის და სახალხო თეატრალური მოღვაწის ვერა ქართველიშვილის მეუღლე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.74; სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები. კრ. 2/საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს სახალხო განათლების სახელმწიფო მუზეუმი, რედაქტორი ალ. შვანგირაძე. -თბ., 1955.-გვ.285-296; განმანათლებლობა საქართველოში. იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.333-337 Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

