The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო მდივანი

ნინო მდივანი
Date of birth:1901
Date of death:1987  (at 86 years)
Category:Humanitarian

Biography

გენერალ-მაიორის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის მოადგილის ზაქარია მდივნისა და ნახევრად პოლონელი ელისაბედ სობოლევსკას შვილი, სერგის (სერჟ), დავითის, ალექსის და რუსუდან (რუსი) მდივნების და. 1925 წელს 25 წლის ნინო მდივანი სტენფორდისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტების პროფესორს, 48 წლის იურისტ ჩარლზ ჰუბერიხს გაჰყვა ცოლად. განათლებული და ევროპული ენების მცოდნე ქალი შესანიშნავად გრძნობდა თავს იურისტებისა და ინტელექტუალების წრეში ამერიკაშიც და ევროპაშიც, სადაც ჰუბერიხებს ხშირად უწევდათ ჩასვლა. 1936 წელს ბრისტოლის ავიაგამოფენაზე ნინომ ცნობილი მწერლის არტურ კონან დოილის უფროსი ვაჟი, იურისტი და ავიატორი დენის კონან-დოილი გაიცნო, გაეყარა ჩარლზ ჰუბერიხს და ცოლად გაჰყვა დენისს. დენისი საფრენოსნო სპორტითა და ავიამოდელების შექმნით იყო გატაცებული, მისი ოჯახის წევრებსაც დიდად არ ეცალათ მამის მემკვიდრეობისათვის, ამიტომ არტურ კონან დოილის გარდაცვალების შემდეგ, ჯერ მის ცოლს - ჯენის გადაეცა ქმრის მემკვიდრეობა, შემდგომ კი დენისმა მამის ნაწარმოებების გამოცემის ექსკლუზიური უფლება ნინოს გადასცა. როგორც აღნიშნავდნენ, ყველაზე დიდი ტირაჟით არტურ კონან-დოილის თხზულებები სწორედ მისი საგამომცემლო საქმიანობის დროს იყიდებოდა. ნინო ელიტარული საზოგადოების წევრად იქცა. მისი სამკაულები - კარტიეს შექმნილი ხელჩანთა, კლიპსები და პალმის ფორმის ბრილიანტებიანი გულსაბნევი კლივ კანდელის ძვირფასი ქვების კოლექციაშია დაცული, ვერცხლისფერი კაბრიოლეტი კი აშშ-ს ნევადის შტატის ქალაქ რენოს ნაციონალური ავტომუზეუმის ერთ-ერთი გამორჩეული ექსპონატია. 1955 წელს დენისის დაღუპვის შემდეგ, ნინომ მემკვიდრეობით მიიღო არტურ კონან დოილის თხზულებების გამოცემის საავტორო უფლება, მულთან და რძალთან ანა ანდერსონთან ერთად. მემკვიდრეობით მიღებული თანხით იყიდა მიწა და დააარსა ფონდი "ბასკერვილ ინვესტფონდი", რომელიც სალიტერატურო და საგამომცემლო საქმიანობას ეწეოდა. რამდენიმე წლის შემდეგ, ფინანსური პრობლემების გამო ფონდი ბანკმა გაყიდა. მწერლის მემკვიდრეობაზე უფლებები ნინომ მას შემდეგაც შეინარჩუნა, რაც მესამედ გათხოვდა კონან-დოილის წარმატებულ გამომცემელ ენტონი ჰარვუდზე. ნინოს გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ, 1990 წელს, ლონდონში ბეიკერსტრიტის N221-ბ-ში გაიხსნა არტურ კონან-დოილის ლიტერატურული პერსონაჟის შერლოკ ჰოლმსისადმი მიძღვნილი მუზეუმი. მუზეუმში მწერალთან დაკავშირებულ სხვა რეალურ პირებს შორის ფიგურირებს ნინო მდივანი, როგორც მწერლის რძალი და მისი ნაწერების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გამომცემელი და გამავრცელებელი.

წყარო: ქართველი ქალები ემიგრაციაში/ტექსტის ავტორი რ. დაუშვილი. -თბ., 2024. -გვ.-115-119


Share: