შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ანდღულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1950 წელს; თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (დ. ანდღულაძის კლასი) 1963 წელს. 1956 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, პარალელურად მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიური ენების კათედრის პედაგოგად 1953-1959 წლებში; 1958 წელს გახდა მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი; 1961-1962 წლებში პერსპექტიული ვოკალისტი მიავლინეს სტაჟიორად მილანის საოპერო თეატრ ლა სკალაში (პედაგოგი ჯ. ბარა-კარაჩოლო); მან შექმნა შესანიშნავი მუსიკალური სახეები როგორც ქართველ, ასევე რუს და უცხოელ კომპოზიტორთა ოპერებში; 1974 წლიდან სოლო სიმღერის კათედრის გამგეა; 1981 წლიდან პროფესორი; მას შესრულებული აქვს წამყვანი პარტიები: აბესალომი (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი"), მალხაზი ("დაისი"), ტარიელი (მ. მშველიძის "ამბავი ტარიელისა"), მინდია (ო. თაქთაქიშვილის "მინდია"), არზაყანი ("მთვარის მოტაცება"), გერმანი (პ. ჩაიკოვსკის "პიკის ქალი"), რადამესი (ჯ. ვერდის "აიდა"), მანრიკო ("ტრუბადური"), ჰერცოგი ("რიგოლეტო"), ოტელო ("ოტელო"), ედგარი (გ. დონიცეტის "ლუჩია დი ლამერმური "), კანიო (რ. ლეონკავალოს "ჯამბაზები"), ტურიდუ (პ. მასკანის "სოფლის პატიოსნება"), ლოენგრინი (ვ. რ. ვაგნერის "ლოენგრინი"), ჰეროდე (რ. შტრაუსის "სალომე"); 1960 წლიდან ნ. ანდღულაძის სოლო კონცერტები მოეწყო მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, კიევში, იჟევსკში და სხვა ქალაქებში, ხოლო გასტროლები - რუსეთში, უკრაინაში, ესტონეთში, თურქეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, იუგოსლავიაში, პოლონეთში, გერმანიაში, კანადაში, იტალიასა და სხვა ქვეყნების დედაქალაქებსა და მნიშვნელოვან ქალაქებში; 1983 წელს ქუთაისის საოპერო თეატრის სცენაზე დადგა დონიცეტის ოპერა "ლუჩია და ლამერმური". იგი ასევე იკვლევდა იბერიულ-კავკასიური ენების შედარებითი გრამატიკის საკითხებს; ავტორია მეცნიერული გამოკვლევებისა ვოკალური ხელოვნების თეორიის, ისტორიისა და მეთოდიკის დარგში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის ი. არხიპოვას ფონდის ოქროს მედალი. სსრკ სახალხო არტისტის დავით ანდღულაძის შვილი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1954). დრამატული ტენორი. წყარო: საქართველო : ენციკლოპედია: ტ. 1. -თბ., 1997. -გვ. 155; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.55; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.112; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.32 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |