The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეოდოსი ივანოვი

თეოდოსი ივანოვი
დაბადების თარიღი:1890
გარდაცვ. თარიღი:3 თებერვალი, 1938  (48 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი.

სანკტ-პეტერბურგში მიიღო სამხედრო-საინჟინრო განათლება.

1914 წლიდან, პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიაში ოფიცრად. 1917 წლიდან, რუსეთის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ მსახურობდა "თეთრ არმიაში". ომის დროს ჩამოვიდა საქართველოში, სადაც გაიცნო და დაქორწინდა - ლიდია ვასილის ასულ ეფენდიზე, გურული აზნაურების - დუმბაძეების შთამომავალზე. 1920 წლისათვის, "თეთრი არმიის" ნაწილების აჭარიდან ევაკუაციის დროს, თეოდოსიმ მეუღლესთან ერთად ქობულეთში დარჩენა გადაწყვიტა. 1921 წლიდან, საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ თეოდოსი ივანოვს ახალ რეჟიმთან შეგუება გაუჭირდა; მისი საინჟინრო განათლების წყალობით მან შეძლო ბათუმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მუშაობის დაწყება საწყლოსნო-საკანალიზაციო სამშენებლო ნაწილის გამგის თანაშემწედ, მაგრამ მას - როგორც რუსეთის იმპერიის და "თეთრი არმიის" ყოფილ ოფიცერს საბჭოთა რეჟიმი დევნიდა და ავიწროვებდა. პოლიტიკური საბაბით დააპატიმრეს 1930 და 1931 წლებში. 1928 წელს ოჯახს ვაჟი - კონსტანტინე შეეძინა. უკანასკნელი დაპატიმრების შემდეგ მას სასაზღვრო ზონაში ცხოვრება აუკრძალეს და ოჯახი იძულებული გახდა სომხეთის სსრ-ში, ლენინაკანში (ამჟამინდელი გიუმრი) გადასახლებულიყო, სადაც მან მუშაობა დაიწყო "მაისის აჯანყების" სახელობის ხორცკომბინატის მთავარ მექანიკოსად. 1938 წლის 25 თებერვლის გამთენიისას, თეოდოსი ივანოვი კვლავ დააპატიმრეს თავის საცხოვრებელ ბინაში - ქალაქ ლენინაკანში. მას ბრალად წაუყენეს, რომ იყო "კონტრრევოლუციური ელემენტი, ჰქონდა კონტრრევოლუციური გამოხტომები პარტიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ, იყო "პარაჟენცული" განწყობების მქონე და ეწეოდა ანტისაბჭოთა საქმიანობას". სომხეთის სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. "ტროიკა") თეოდოსი ივანოვს დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 1938 წლის 2 მარტს. დასაფლავების ადგილი უცნობია. ამჟამად, თეოდოსი ივანოვი ჯერ კიდევ არაა რეაბილიტირებული.

წყაო: საზოგადოებრივი არქივი: archive.ge


გააზიარე: