The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გუბაზ მეგრელიძე

გუბაზ მეგრელიძე
Date of birth:1 October, 1957  (67 years)
Category:Lawyer, Scientist, Journalist, Art historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი 1979 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს იუნესკოს განათლების ფონდთან არსებული ეკონომიკისა და საქმიანი ურთიერთობების ფაკულტეტი - 1994 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1999 წელს.

1979-1985წწ. - საქართველოს თეატრალური საზოგადოების სცენოგრაფიის კაბინეტის გამგე; 1985-2009წწ. - საქართველოს  თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; ხელმძღვანელობდა ყოველწლიურ გამოცემას "საიუბილეო თარიღები", 2009 წელს - ამავე მუზეუმის სამეცნიერო-საგამომცემლო პროგრამის ხელმძღვანელი; 1997 წელს - გაზეთ "ალიას" სამართლის განყოფილების გამგე; 1998 წელს - საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; 1999-2000წწ. -  გაზეთ "არგოს" მთავარი რედაქტორის მოადგილე; 2004 წელს - გაზეთ "რეგიონის ტრიბუნას" მთავარი რედაქტორი; არის საქართველოში ჟურნალისტური გამოძიების ერთ-ერთი დამფუძნებელი. მისი ინიციატივით არაერთი გამოფენა მოეწყო, როგორც საქართველოში ასევე ტაშკენტში (1980), რიგაში (1981), კიშინიოვში (1982). ატარებდა ყოველწლიურ გამოფენა-განხილვებს "სეზონის შედეგები". ავტორია: წიგნის სპექტაკლი "რღვევა" რუსთაველის თეატრში (1982), მის კალამს ეკუთვნის არაერთი სამეცნიერო გამოკვლევეა თეატრის ისტორიის დარგში, მრავალი თეატრალური რეცენზიის, პუბლიცისტური წერილის, პუბლიკაციის, ინტერვიუს, ჟურნალისტური გამოძიების (1000-ზე მეტი), ტელე-რადიო გადაცემის ავტორი. ხშირად მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში. მის მიერ გამოკვლეული საკითხები ეხება საზოგადოების დამოკიდებულებას თეატრალურ ხელოვნებასთან, თეატრალური კრიტიკის პრობლემებს, სპექტაკლების განხილვას, თეატრალურ გამოფენებს, მსახიობთა, რეჟისორთა, დრამატურგთა და სცენოგრაფთა შესახებ შექმნილ შემოქმედებით პორტრეტებს, რომლებიც აჯამებენ მათ მრავალწლიან მოღვაწეობას. არაერთი გამოკვლევა მიუძღვნა თეატრალურ კონფლიქტებს, რომლებმაც ქართული თეატრის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს. აქვს პოლემიკური სტატიები სხვადასხვა საკამათო საკითხებთან დაკავშირებით. აგრეთვე, არაერთი სტატია რაიონული თეატრების სპექტაკლებისა და პრობლემების განხილვისა. წლების განმავლობაში იყო ახალციხისა და ოზურგეთის თეატრების კურატორი. იგი ერთ-ერთი პირველი მეცნიერია, ვინც გაეცნო სუკ-ის არქივში დაცულ რეპრესირებულ ხელოვნების მუშაკთა საქმეებს და არაერთი პუბლიკაცია უძღვნა ამ ტრაგიკული მოვლენის გაშუქებას. მისმა გამოკვლევამ შეცვალა რუსთაველის თეატრის 1920-1930-იანი წლების ისტორია, ნათელი მოჰფინა აქ მომხდარ კონფლიქტს და მსახიობთა ერთი ჯგუფის უკანონო რეპრესირების გამომწვევ მიზეზებს, რომელსაც საზოგადოებაში ნახევარი საუკუნის მანძილზე არასწორი შეფასება ეძლეოდა. ასევე სათანადოდ შეაფასა უშანგი ჩხეიძის უცნობი და მნიშვნელოვანი მოგონება კოტე მარჯანიშვილის თეატრიდან წასვლასთან დაკავშირებით. პირველად გამოაქვეყნა კ. მარჯანიშვილის, ს. ზაქარიაძის, შ. დადიანის, არ. ჩხარტიშვილის, აკ. ფაღავას, აკ. ხორავას, ვ. გოძიაშვილის, აკ. ვასაძის, აკ. პაპავას, ვ. ჭაბუკიანის, გრ. რობაქიძის, გ. ტაბიძისა და სხვათა უცნობი საარქივო დოკუმენტები. პირველად დაბეჭდა: ს. ახმეტელის, ს. ამაღლობელის, ალ. დუდუჩავას, გ. ჟორდანიას, ვ. აბაშიძის, პ. ოცხელის, კ. გამსახურდიას დაკითხვის ოქმები. სტუდენტობის წლებიდან მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში და მიღებული აქვს სათანადო დიპლომები. არის მრავალი ტელე-რადიო გადაცემის ავტორი და მონაწილე. სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში მასზე დაბეჭდილია 16 ინფორმაცია და 56 ინტერვიუ. 1982, 2009წწ. საქართველოს თეატრალური საზოგადოების მიერ დაჯილდოვდა წლის საუკეთესო რეცენზიებისთვის; 1998 წელს გაეროს დაარსებიდან 50 წლის აღსანიშნავ იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ადამიანის უფლებათა დაცვის თემაზე ჟურნალისტებს შორის გამოცხადებულ რესპუბლიკურ კონკურსში მიენიჭა პირველი ხარისხის პრემია, ასევე მიიღო: თბილისის მერიისა და საკრებულოს, პრ განვითარების ინსტიტუტის (2002, კონკურსი "ჩემი ქალაქი"), საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის (2002), ფონდ "ღია საზოგადოება- საქართველოს" (2002-კონკურსი "ჟურნალისტები ბავშვთა და ქალთა დასაცავად ძალადობისგან" (2003 - კონკურსი "სოციალური სფერო და მასმედია") პრემიები. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. ცნობილი ხელოვნებათმცოდნის ნინო შვანგირაძისა და ქართველი ლიტერატურათმცოდნის იოსებ მეგრელიძის შვილი.

Member of Organizations

  • საზოგადოება "მემორიალი", წევრი (2002-)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი (2002-)
  • საქართველოს ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი, დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრი (2007-)
  • საქართველოს თეატრალური საზოგადოება , გამგეობის წევრი (1979-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (2016-)
  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, წევრი (1995-)
  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, პრეზიდიუმის წევრი (2005-)
  • სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა მიმართ სამართლიანობის დაცვის ორგანიზაცია, ვიცე-პრეზიდენტი (2001-2007)
  • ფაზისის საერო აკადემია, აკადემიკოსი (2013-)
  • ჩოხატაურის კულტურულ-ეკონომიკური მემკვიდრეობის აღორძინების ფონდი, თავმჯდომარე (1998-2001)

Awards and Honors

  • 2019 - სერგეი მესხის სახელობის პრემია
    ქართული პუბლიცისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
  • 2017 - ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
    ქართული ჟურნალისტიკის და თეატრმცოდნეობის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის
  • 2013 - ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია
    ქართულ ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
  • 2013 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
    ქართულ ჟურნალისტიკაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის

Bibliography


Share: