The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იაგორ ჭილაშვილი

სხვა სახელი:ეგორ ჩილაევი
დაბადების თარიღი:1792
გარდაცვ. თარიღი:1838  (46 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, მთარგმნელი, პოეტი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. დუშეთი.

მამამისი, გაბრიელ ჭილაშვილი, ქართველი თავადის, ვახტანგ ირაკლის ძე ბაგრატიონის ამილახვარი, ჰოფმარშალი იყო. მას შემდეგ, რაც საქართველო იძულებით შეუერთეს რუსეთის იმპერიას, ქართველი თავადები იძულებულნი შეიქნენ, რომ რუსეთში გადასახლებულიყვნენ. ვახტანგ ბაგრატიონი მათგან ერთ-ერთი იყო, ვინც იძულებული გახდა, რომ რუსეთში გახიზნულიყო. გაბრიელ ჭილაშვილი და მისი ოჯახი ვახტანგ ბაგრატიონს თან გაჰყვა რუსეთში. იაგორ ჭილაშვილი მაშინ თერთმეტი წლისა იქნებოდა. ვახტანგ ბაგრატიონის წყალობით მან სანკტ-პეტერბურგში მრავალმხრივი და საფუძვლიანი განათლება მიიღო. იაგორ ჭილაშვილი, უწინარეს ყოვლისა, იყო სამართალმცოდნე, პოეტი და მთარგმნელი. უკვე ოცი წლისამ დაწერა მნიშვნელოვანი თხზულება "ბუნებითი სამართლის მონახაზი", რომელიც 1812 წელს, სანკტ-პეტერბურგში, რუსულ ენაზე გამოიცა. მანამდე მან ფრანგულიდან რუსულ ენაზე თარგმნა შარლ ლუი მონტესკიეს რომანი "არზასისა და ისმენიას ნამდვილი ისტორია". 1812 წელს იაგორ ჭილაშვილმა გაბრიელ ბონო დე მაბლის ნაშრომი "ისტორიის შესწავლის შესახებ" თარგმნა ფრანგულიდან რუსულ ენაზე. იაგორ ჭილაშვილი ლიტერატურულ ნაშრომებსაც თხზავდა რუსულ ენაზე. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: "სიმღერა თავად მ. ი. გოლენიშჩევ-კუტუზოვის აღსასრულის შესახებ" (1813)  და "სოფლად მოგზაურობის შთაბეჭდილებანი" (1817). იგი აქტიურად მოღვაწეობდა იმ კომისიაში, რომელიც ვახტანგ VI-ის "სამართლის წიგნთა" ქართულიდან რუსულ ენაზე თარგმნის საკითხებზე მუშაობდა. იაგორ ჭილაშვილი რუსეთსა და საქართველოში მრავალ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა. 1821-1826 წლებში იგი პროკურორი იყო საქართველოში, კერძოდ კი, თბილისში. იაგორ ჭილაშვილი და მისი აზროვნება საქართველოში ნაკლებადაა ცნობილი. ეს მოაზროვნე ახალი დროის ქართულ აზროვნებაში პრობლემათა ისეთ რიგს იკვლევდა, რაც მანამდე ნაკლებად იყო დამუშავებული, კერძოდ კი, ბუნებითი სამართლის თეორიასა და პრაქტიკას. იაგორ ჭილაშვილის მნიშვნელოვანი ნაშრომი "ბუნებითი სამართლის მონახაზი" (1812) ამ მოსაზრების საფუძვლიანობის ნათელი დასტურია. 

წყარო: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია: encyclopedia.ge; ქართულ-რუსული ფილოსოფიური ურთიერთობის ისტორიიდან : (XVIII-XIX ს-ის I მეოთხედი) / გულნარა დედაბრიშვილი.-თბილისი, 1984.-გვ.194-198; ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები : (XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე) / თენგიზ ირემაძე, ლალი ზაქარაძე, დოდო ლაბუჩიძე და სხვ.-თბილისი, 2014.-გვ.91-100


გააზიარე: