The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კარლ კნორინგი

კარლ კნორინგი
დაბადების თარიღი:22 მაისი, 1746
გარდაცვ. თარიღი:12 თებერვალი, 1820  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

1799 წლის მარტში დანიშნეს კავკასიის ქვეითი ჯარის ინსპექტორად და კავკასიის ხაზის სარდლად. 1801 წლის 24 მარტს ჩამოვიდა საქართველოში. პირველი ღონისძიება, რომელიც მან განახორციელა, იყო დავით ბატონიშვილის გადაყენება და "საქართველოს მმართველად" გენერალ ი. ლაზარევის დანიშვნა. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსეთთან აღმოსავლეთ საქართველოს შეერთების საქმეში. მან მთავრობის დავალებით "დასკვნა" წარუდგინა რუსეთის სახელმწიფო საბჭოს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ქართლ-კახეთის სახელმწიფოს დამოუკიდებლად არსებობა არ შეეძლო და მისი "ხსნა" მხოლოდ ამ სახელმწიფოს გაუქმებითა და თვითმპყრობლური მმართველობის დანერგვით შეიძლებოდა, რაზედაც, თითქოს, ქართველი ხალხი და მისი მმართველები თანხმობას აცხადებდნენ. ეს, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეეფერებოდა. ამ "დასკვნას" მოჰყვა ალექსანდრე I-ის მანიფესტი (1801 წ. 12 სექტ.). დიდი მარხვის ვნების კვირაში, ოთხშაბათს (1802 წ. 12 აპრ.), მან რუსი ჯარისკაცებით ალყაშემორტყმულ სიონის ტაძარში შეკრებილ ქართველ საზოგადოებას მანიფესტი გააცნო. იგი ძალით აპირებდა ხალხის დაფიცებას ახალ განწესებულ კანონზე. ალექსანდრე I-ის მანიფესტს საქართველოში მძლავრი პროტესტი მოჰყვა. ის შემდეგში სამოქალაქო საქმეთა მთავარმართებლად დაინიშნა. მან თავისი საქმიანობით უკმაყოფილება გამოიწვია როგორც საქართველოში, ისე პეტერბურგში. 1803 წლის დამდეგს ის გადააყენეს. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1798), რუსეთის ჯარების პირველი მთავარსარდალი საქართველოში. 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 93-94


გააზიარე: