| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაალ მაჩაბელი![]()
ბიოგრაფიაქართულ თეატრთან მჭიდროდ არის დაკავშირებული სამაჩაბლოს მკვიდრი ზაალ იასეს ძე მაჩაბელი. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული თეატრის აღორძინებაში. მონაწილეობდა სცენისმოყვარულთა წრეში. ასრულებდა პეპოს, ქოროღლის და თავადის როლებს. 1879 წელს თბილისში დაარსდა ქართული პროფესიული თეატრი, სადაც სხვა ნიჭიერ მსახიობებთან ერთად ზაალ მაჩაბელიც მიიწვიეს. აქ მას თითქმის 24 წლის მანძილზე მოუხდა მუშაობა და შესანიშნავ სახეებს ქმნიდა, როგორც ქართულ ეროვნულ ისე უცხოურ პიესებში. ზაალ იასეს ძე მაჩაბელი მართავდა წარმოდგენებს ცხინვალში, გორში და გორის რაიონის სოფლებში, ის არამარტო წარმოდგენების მართვას ხელმძღვანელობდა, არამედ თვითონაც მონაწილეობდა სპექტაკლებში. მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა XIX საუკუნის გამოჩენილ მოღვაწეებთან: სოფრომ მგალობლიშვილთან, ილია ჭავჭავაძესთან, ალ. ყაზბეგთან, ექვთიმე თაყაიშვილთან. ცხინვალის ქართულ სპექტაკლებში მონაწილეობისათვის ზაალ მაჩაბელი ხშირად იწვევდა საგასტროლოდ გამოჩენილ მსახიობებს: ვასო აბაშიძეს, ნატო გაბუნიას, ელისაბედ ჩერქეზიშვილს, მაკო საფაროვას, კოტე მესხს. 1905 წელს ზაალ მაჩაბლის ხელმძღვანელობით ქ. ცხინვალში აშენდა კლუბი, სადაც სპექტაკლები იმართებოდა, წარმოდგენების სისტემატურმა მართვამ ცხინვალში ბევრი ნიჭიერი მსახიობი გამოავლინა, ხოლო მათი აღმზრდელი და მასწავლებელი იყო ზაალ მაჩაბელი. აღსანიშნავია, რომ ქართული სცენის დიდმა მოღვაწემ ნატო გაბუნიამ გორისა და ცხინვალის სცენაზე აიდგა ფეხი ზაალ მაჩაბლის ხელმძღვანელობით, ხოლო 1879 წელს ქართული პროფესიული თეატრის დასში ჩასარიცხად ნატო გაბუნიას ზაალ მაჩაბელმა უშუამდგომლა. 1876 წელს, როდესაც ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი დაარსდა, პირველი სპექტაკლები ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ივანე და ზაალ მაჩაბლების თაოსნობით იდგმებოდა. 2024 წელს გამოვიდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილის მონოგრაფია "ზაალ მაჩაბელი და სცენისმოყვარეობა სამაჩაბლოში" ( გორი, 2024 წელი). წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.93; nobility.pro; ივანე მაჩაბლის მუზეუმი: facebook.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

