| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანა მესხი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაიბადა სიმონ (სისო) მესხისა და მაგდანა (მაგდალენა) მარჯანიშვილის (კოტე მარჯანიშვილის მამიდა) მრავალშვილიან ოჯახში. აღიზარდა უფროს დასთან, პელაგია მესხთან. ანა მესხი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის კარგად მცოდნე, ასევე ზეპირად იცოდა "ვეფხისტყაოსნი". მონაწილეობდა გიორგი ქართველიშვილის მიერ გამოცემულ "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენ კომისიაში, სადაც ტექსტის დასადგენად რამდენიმე შენიშვნაც შეიტანა. ანა მესხი იყო პირველი ქართველი ქალი, რომელიც ქუთაისის სცენისმოყვარეთა წრეში 1870 წლიდან ირიცხებოდა. ქუთაისში, აკაკი წერეთელის ინიციატივით ჩამოყალიბებულ სცენისმოყვარეთა დასში, ანა მესხი ელენე ლორთქიფანიძესთან, ეფროსინე კლდიაშვილთან და მარიამ ხელთუფლიშვილთან ერთად გამოდიოდა. ამ დასში დაიდგა სპექტაკლები: "ყვარყვარე ათაბაგი", "მზის დაბნელება", "ფიგაროს ქორწინება", "სკაპენის ოინები", "დავა", "ქოროღლი", "ქმარი ხუთი ცოლისა" და სხვ. 1878 წელს ანა თავის ძმასთან, კოტე მესხთან და ეფროსინე (ეფრო) კლდიაშვილთან ერთად გამოდიოდა ალექსანდრე ოსტროვსკის ხუთმოქმედებიან კომედიაში "შემოსავლიანი ადგილი". 1880 წელს ანა მესხი ქუთაისის მსახიობთა ჯგუფში ჩაირიცხა და რამდენიმე სპექტაკლში მონაწილეობდა: "აყალ-მაყალი ცოლ-ქმარს შუა", "მზის დაბნელება", "სიყვარული მკურნალობს", "ყვავი ფარშევანგის ფრთებით" და სხვ. ამავე წელს მონაწილეობდა ქუთაისის თეატრის მოყვარულთა მიერ დადგმულ გიორგი წერეთლის დრამაში "ოჯახის ასული" და ივანე მესხის ვოდევილში "ჰერკულესი". ანა მესხმა 1882 წლიდან მიატოვა სცენა და მთარგმნელობით საქმიანობას შეუდგა, მაგრამ თეატრს მთლიანად არ ჩამოშორებია. ამაზე მეტყველებს გაზეთ "ივერიის" ერთი ცნობა, სადაც ნათქვამია, რომ ანა მესხმა თარგმნა ვასილ ველიჩკოს თხზულება "პირველი ბუზი", რომელიც შემდეგ ორმოქმედებიან კომედიად გადააკეთა ვალერიან გუნიამ და სახელად უწოდა "გამარჯვებულებს არ სჯიან". ეს კომედია თეატრში 1898 წლის 6 დეკემბერს დაიდგა და მასში მონაწილეობდნენ: ეფემია მესხი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ვალერიან გუნია, ვასო აბაშიძე და სხვ. 1883 წელს ქუთაისელ ქალთა ჟურნალის "ქართული ბიბლიოთეკის" სარედაქციო კოლეგიის წევრი იყო, მუშაობის დროს თარგმნა ეტტიპ ირსის რომანი "არა, არ არის დანაშაული" ("ქართული ბიბლიოთეკა", 1883, №4, 5, 7-8). ანა მესხი თანამშრომლობდა გაზეთ "დროებაში". მან შეკრიბა ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები: ლექსები, თქმულებები და იგავ-არაკები. იგი თავის ძმას, სერგეი მესხს ქუთაისიდან მუდმივად აწვდიდა "დროებაში" გამოსაქვეყნებელ მასალებს. გამოსაცემი დარჩა მრავალი თარგმანი. ქართული დრამატული მუდმივი დასის ქუთაისში პირველად ჩასვლის დროს, 1879 წელს ქუთაისელმა ქალებმა ანა მესხის თაოსნობით, ქართველ მსახიობებს საგანგებო ტანისამოსი შეუკერეს (ლურჯი ხალათები მეზღვაურის ფართო საყელოებით, ახალციხური ექვს-ექვსი ვერცხლისბუშტიანი ღილებით), რომლითაც ქართული დასი გამოირჩეოდა. ამ ჩაცმულობით დასმა მთელი დასავლეთ საქართველო შემოიარა. ქუთაისის თეატრის ერთი დამაარსებელთაგანი 1875-1880 წლებში. ცნობილი ქუთაისელი პედაგოგის ვასილ პეტრიაშვილის მეუღლე და საქართველოს დამსახურებული პედაგოგის ელენე პეტრიაშვილის დედა. სიმონ (სისო) მესხის ქალიშვილი, დავით, კოტე, ეფემია, ივანე, სერგი მესხების და. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.224-225; ივანე მესხი: ქალაქის მდივანი / რამაზ სურმანიძე.-თბ.,2013.-გვ.40-43; მოგონებანი / დავით მესხი. - თბ.,1940.-118გვ. Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

