The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჰიროტაკე მაედა

ჰიროტაკე მაედა
დაბადების თარიღი:მაისი, 1971  (55 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, მკვლევარი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

1995 ჩააბარა ტოკიოს უნივერსიტეტის ასპირანტურაში, პროფესორი ჰიროტაკე მაედა ფლობს ქართულ, ინგლისურ და სპარსულ ენებს. მეცნიერი იკვლევს საქართველო-ირანის ურთიერთობებს, უპირველესად კი ქართველების მოღვაწეობას ირანში XVI-XVII საუკუნეებში. მონაწილეობდა საქართველოსა და უცხოეთში გამართულ სამეცნიერო ღონისძიებებში (თბილისი, ტოკიო, ლონდონი, პარიზი, ვენა, ბამბერგი, ალიკანტე, ანარბორი, ნიუ-ჰაივენი, სტენფორდი). წაკითხული აქვს მოხსენებები საქართველოს ისტორიის ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, ლექცია "ქართული წყაროების მნიშვნელობა გვიანი შუასაუკუნეების ისტორიის კვლევაში". გამოიკვლია უცხო წყაროებში არსებული ინფორმაცია იმდროინდელ ქართველ მოღვაწეებზე, მათ შორის, გიორგი სააკაძის, ქეთევან დედოფლის ცხოვრების შესახებ. ჰიროტაკე მაედა არაერთი პუბლიკაციის ავტორია, რომლებიც გამოცემულია სხვადასხვა ენაზე, მათ შორის, აღსანიშნავია 2008 წელს ქართულად გამოცემული წიგნი "ქართველები სეფიანთა ირანში". იგივე შინაარსის სტატია დაიბეჭდა იაპონურად ტოკიოში ჯერ 1999 წელს, პარიზში -  ინგლისურად 2003 წელს, წიგნად გამოიცა სპარსულად თეირანში 2018 წელს. ამ წიგნში მეცნიერმა გამოიკვლია ბარათაშვილი-ორბელიშვილების, უნდილაძეების, სააკაძეების და მირიმანიძეების (მელიქიშვილების) მოღვაწეობა. გარდა ისტორიის კვლევისა, ჰიროტაკე მაედა იაპონურ ენაზე გამოქვეყნებული არაერთი სტატიის ავტორია, რომლის  მიზანიც ქართული ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაცაა. მან იაპონიის ისტორიაში  პირველმა შექმნა ნაშრომი "ილია ჭავჭავაძე" (2005). მისი სამეცნიერო სტატიებია "ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის: ქართული ლიტერატურის სამყარო"  (ტოკიო, 2008), "გალაკტიონ ტაბიძის მთვარის ნაამბობიდან: საქართველოს ეროვნული პოეტი და იაპონია" (ოსაკა, 2010),  "იაპონია-საქართველოს კულტურული ურთიერთობების ისტორიიდან" (ლადო გუდიაშვილის ალბომის იაპონური გამოცემის შესახებ, თბილისი, 2019). მეცნიერი პირველად საქართველოში 1995 წელს ჩამოვიდა. პროფესორი ჰიროტაკე მაედა სამჯერ არის ნამყოფი ფერეიდანში, ასევე ტაო-კლარჯეთში, ერთხელ კი - საინგილოში. 2018 წელს, ათონის მთაზე სამეცნიერო მივლინებისას, კარაკალას მონასტერში შემთხვევით აღმოაჩინა უნიკალური ხელნაწერი, აშოთან II მუხრანბატონის მიერ შეწირული; "ათონის მთაზე ახლადმიკვლეული აშოთან II ბაგრატიონის დაკვეთით გადაწერილი ბერძნული ოთხთავი" (ჰიროტაკე მაედა და ოქროპირ ჯიქური, ვარშავა, 2018). ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. ქართველოლოგი, კავკასიოლოგი, ირანისტი და აღმოსავლეთმცოდნე.

წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პორტალი: rustaveli.org.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: