ძიება
ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.
|
ვასილ ბარნოვი
| ოფიციალური სახელი: | ვასილ ბარნაველი |
| დაბადების თარიღი: | 5 მაისი, 1856 |
| გარდაცვ. თარიღი: | 22 ნოემბერი, 1934 (78 წლის ასაკში) |
| დაკრძალვის ადგილი: | მთაწმინდის პანთეონი, თბილისი |
| კატეგორია: | მწერალი, პედაგოგი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფ. კოდა, ახლანდელი თეთრი წყაროს რაიონი.
თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ იქვე მასწავლებლობდა (1877-1878). 1882 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემიის ისტორიის განყოფილება. მასწავლებლობდა სენაკში, თელავსა და თბილისში. 1918-1924 წლებში ქართულ სიტყვიერებას ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ სრული გიმნაზიის უფლებით მოქმედ "შ. ნუცუბიძის კურსებზე". გარდა ამისა, 1918-1921 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის იუნკერთა სასწავლებელში. 1921-1930 წლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა თბილისის უნივერსიტეტის მუშფაკში. იგი არის ქართული ისტორიული რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ბარნოვის პირველი კორესპონდენცია "რამდენიმე სურათი ხევსურების ცხოვრებიდან" გამოქვეყნდა 1878 ("დროება", N 220-227), პირველი ლექსი "ქართველი ქალი" - 1879 ("დროება", N149), პირველი ორიგინალური მოთხრობა "პატარა ლევანი" - 1893 ("კვალი", N2), პირველი რომანი "ისნის ცისკარი" - 1901 ("მოამბე", N18). ბარნოვმა ამაგი დასდო ქართულ ფოლკლორისტიკას; თბილისის სასულიერო სემინარიაში იგი ქართული ხალხური სიტყვიერების კურსს კითხულობდა. მის ნარკვევებსა და წერილებში გაშუქებულია ქართული მითოლოგიისა და საგმირო ეპოსის საყურადღებო საკითხები. მწერალი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში (1880-იან-1910-იან წლებში), თუმცა არ ეკუთვნოდა არც ერთ პარტიას. იმავდროულად, იგი აქტიურად იყო ჩაბმული ბრძოლაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად (რაც წარმატებით დაგვირგვინდა 1917 წელს).
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1917-1934)
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1880-)
ბიბლიოგრაფია
|