Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ძუკუ ლოლუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვალონი, ხობის რაიონი. თავდაპირველად გურია-სამეგრელოს მღვდელმთავრის გრიგოლ დადიანის მგალობელთა საეკლესიო გუნდში მღეროდა. 1897 წელს სოფელ კოკში ჩამოაყალიბა ხალხური გუნდი და 1903 წლამდე მართავდა კონცერტებს დასავლეთ საქართველოში. 1904 წელს სოხუმში ჩამოაყალიბა მომღერალთა გუნდი, რომელშიც მონაწილეობდნენ მეგრელი, აფხაზი, გურული, იმერელი, სვანი მომღელები. ამით საფუძველი დაუდო აფხაზეთში მომღერალთა გუნდის არსებობას. მისი თაოსნობით მრავალი მეგრული ხალხური სიმღერა გამოვლინდა. მღეროდნენ მეგრულ, აფხაზურ და სვანურ სიმღერებს. რეპერტუარში, მეგრულთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა აფხაზურ სიმღერებს, რომლებიც მან სოფელ-სოფელ სიარულით შეაგროვა, ფონოგრაფზე ჩაიწერა, ნოტებზე გადაიტანა და დაისწავლა. 1914 წლიდან გუნდმა საკონცერტო მოგზაურობა მოაწყო დასავლეთ საქართველოს ქალაქებში: ფოთში, ბათუმში, ქუთაისში, ზესტაფონში, ჭიათურასა და საჩხერეში. 1917 წელს კი გუნდმა თბილისში პირველი კონცერტი ჩაატარა დიდი წარმატებით. მისი ზრუნვით აფხაზეთში ქართული კულტურის კიდევ ერთი მძლავრი კერა გაჩნდა. 1919 წელს ძ. ლოლუა გადავიდა ფოთში, იქ დააარსა "ქართული ხალხური სიმღერების მოყვარულთა საზოგადოება" და მოწაფე ქალ-ვაჟთა გუნდები. 1921 წელს იგი დასავლეთ საქართველოს სახალხო გუნდების ინსტრუქტორად დაინიშნა. მან დაამუშავა და გუნდების რეპერტუარში დაამკვიდრა მრავალი 100-ზე მეტი მეგრული და სხვა კუთხის სიმღერა. დაგვიტოვა მრავალი ჩანაწერი, სადაც თავისი პუბლიცისტური ნიჭი გამოაჩინა, თავის ნაწერებში იგი იცავს ქართული ჰანგის თვითმყოფადობას, ქართული გალობის სამხმოვანებას, საკომპოზიტორო ხელოვნების "ორეულად" მიიჩნევს ხალხურ მუსიკას. 1924 წელს მან გამოჩენილი მწერლის ნიკო ლორთქიფანიძის თხოვნით ქუთაისშიც ჩამოაყალიბა მომღერალთა გუნდი. ლოლუამ მომზადებული რეპერტუარით კონცერტი ჩაატარა თბილისში სანდრო კავსაძის საიუბილეოდ გამართულ საღამოზე. ასევე დიდი წარმატებით ჩაატარა კონცერტი სოჭში. დიდი პოეტის აკაკი წერეთლის იუბილეზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ ძუკუ ლოლუას გუნდი თბილისში მიიწვიეს. იგი სიცოცხლის ბოლო წლებში ცდილობდა, ორგანიზება გაეკეთებინა ქართული მომღერლებისა და კომპოზიტორების კონფერენციისათვის, სადაც ქართული სიმღერის პრობლემებზე იმსჯელებდნენ. მას სამართლიანად უწოდებენ "მეგრული სიმღერის პატრიარქს". მისი სიკვდილის შემდეგ დასავლეთ საქართველოს მომღერალთა უკვე საქვეყნოდ ცნობილ კოლექტივს "ძუკუ ლოლუას სახელობის დასავლეთ საქართველოს ხალხური სიმღერის გუნდი" ეწოდა. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 158; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.133; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.826; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.40; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.411 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |