| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოანე ლაზი![]()
ბიოგრაფიაV ს. ქართველი საეკლესიო მოღვაწე, პეტრე იბერის აღმზრდელი და მასწავლებელი, მისი სულიერი მამა. ს. ყაუხჩიშვილის აზრით, ი. ლ. (ერისკაცობაში – მითრიდატე ლაზი) კოლხეთის რიტორიკული სკოლის წარმომადგენელი იყო. შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო კონსტანტინოპოლში გაჰყვა ქართველ მეფისწულ მურვანს, რომელიც კეისარ თეოდოსი II-ის კარზე მძევლად იქნა გაგზავნილი. "პეტრეს ცხოვრების" ასურული რედაქციით, ზაქარია რიტორის "საეკლესიო ისტორიის", "სევეროს ანტიოქიელის ცხოვრების" და ზოგიერთი გვიანდ. თხზულებით კი დასტურდება, რომ კონსტანტინეპოლში შეხვდა პეტრე იბერს, რომელთანაც დამეგობრდა და გახდა მისი ნათლია, ასევე მისი აზრებისა და მისწრაფებების მოზიარე. ორივე ბერად აღიკვეცა იერუსალიმში და სიკვდილამდე ერთად ეწეოდნენ სამონასტრო საქმიანობას, რასაც ადასტურებს პეტრე იბერის ბიოგრაფი იოანე რუფუსი და არაერთი ქართული წყარო. ის შემკული იყო მორჩილებით, ზნეობით, რწმენით და თავმდაბლობით. ქართული ფილოსოფიური ისტორიოგრაფიისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. შ. ნუცუბიძის მოსაზრება არეოპაგიტული კორპუსის ავტორის, ფსევდო-დიონისე არეოპაგელისა და პეტრე იბერის იდენტობის შესახებ, ბელგიელი მეცნიერის, ე. ჰონიგმანის მიერ მიკვლეული ახ. არგუმენტებით არის გამყარებული, რომელიც სწორედ მის პიროვნებას ეხება. არეოპაგიტული წიგნების ავტორი ხშირად მოიხსენიებს "თავის ღვთაებრივ წინამძღოლს" იეროთეოსს, ამასთან, მსჯელობები ზეციური და ამქვეყნიური იერარქიების შესახებ სწორედ იეროთეოსის მიერ არის გაშლილი არეოპაგიტიკაში. "პეტრეს ცხოვრებაში" აღწერილი იოანე ლაზის ზმანება ზეციურ ძალთა (მათი რაოდენობისა და სახელწოდებების) შესახებ უახლოვდება არეოპაგიტულ მოძღვრებაში "ზეცათა მღვდელთმთავრობისათვის" ტრაქტატში წარმოდგენილ ანგელოზთა სამ ტრიადულ რიგს. თუმცა იოანე ლაზის ჩვენებაში ანგელოზთა დიონისური ტრიადების ნაცვლად ზეციურ ძალთა სხვა თანმიმდევრობაა მოცემული. ჰონიგმანის აზრით, იოანე ლაზი და იეროთეოსი ერთი და იგივე პიროვნებაა. არეოპაგიტულ წიგნებში მოხსენიებული დიონისეს მასწავლებელი იეროთეოზი არის პეტრე იბერის მეგობრისა და თანამოაზრის,იოანე ლაზის ფსევდონიმი. ქართველი ფილოსოფოს-თეოლოგი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 190; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

