| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური მარი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი. 1913 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე, ჯერ არაბული, შემდეგ სპარსული ფილოლოგიის განხრით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მასწავლებლად იყო მამისეულ სოფელ ბუკისციხეში. 1919-1921წწ. თანამშრომლობდა თბილისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. 1922 წლიდან დაბრუნდა პეტროგრადში და აქტიურად ჩაება საბჭოთა ირანისტიკის დაფუძნების საქმიანობაში. 1925 წლიდან ორი წლით მივლინებით გაემგზავრა ირანს, სადაც შეაგროვა ფოლკლორული და ეთნოგრაფიული მასალა, ხელნაწერები. 1929 წლიდან საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა; ლექციებს კითხულობდა თსუ-ში, შემდეგ კი აბასთუმანში დასახლდა. ეს იყო მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი. დააარსა სერიები: "ხაკანი - ნეზამი - რუსთაველი", "სპარსულ-ქართული ცდანი", შეადგინა "დოკუმენტირებული სპარსულ-რუსული ლექსიკონი", იკვლევდა კლასიკური და თანამედროვე სპარსული ლიტერატურის ენის, ფოლკლორისა და ეთნოლოგიურ საკითხებს. 1934 წელს მონაწილეობა მიიღო ირანის დედაქალაქ თეირანში ფირდოუსის დაბადების 1000 წლისთავის აღსანიშნავად საერთაშორისო კონგრესზე, როგორც საბჭოთა კავშირის დელეგატმა. აქ, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიისა და სახელმწიფო ერმიტაჟის დელეგაციის სახელით, სპარსულ ენაზე მისასალმებელი სიტყვით და მოხსენებით "შაჰ-ნამეს ლექსის ზომა" გამოვიდა, რომლებიც თეირანის გაზეთებშიც დაიბეჭდა. აგრეთვე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თეირანის საზოგადოებრიობასა და ირანის მთავრობაზე თავისი სიტყვის შინაარსითა და ლამაზი სპარსული გამოთქმის უნარით. აქვე გააცნო "ვეფხის ტყაოსნის" ზოგიერთი ადგილის საკუთარი პროზაული თარგმანი. აგრეთვე, სპარსულად დაწერილი თავისი ორიგინალური ლექსები. ირანისტიკის დარგში სამეცნიერო დამსახურებისთვის დაჯილდოებულია ირანის მთავრობის პირველი ხარისხის ორდენით (1934). ირანისტი, პროფესორი (1934), აკადემიკოს ნიკო მარისა და ალექსანდრა მარის (ჟუკოვსკაია) შვილი, იაკობ მარის შვილიშვილი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.437; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.536; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.39-40 ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

