შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეოფილე ხუცესმონაზონი![]()
ბიოგრაფიაXI საუკუნის II ნახევრის და XII საუკუნის დამდეგის ქართველი მწერალი, მთარგმნელი. მოღვაწეობდა კონსტანტინოპოლში, ღვთისმშობლის მონასტერში. თავის მოძღვრად და მასწავლებლად მიიჩნევდა გიორგი მთაწმიდელს. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო მეფე გიორგი II-ის დავალებით არა უადრეს 1073 წლისა. მარიამ დედოფლისეული "ქართლის ცხოვრების" მინაწერის თანახმად, 1114 წელს იგი ეფრემ მცირესთან, არსენ იყალთოელთან და იოანე ტარიჭისძესთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში. იგი მეტად ნაყოფიერად მოღვაწეობდა სასულიერო მწერლობის მრავალ დარგში. მას დიდი წვლილი მიუძღვის მეტაფრასული მწერლობის განვითარებაში. თარგმნა მეტაფრასული ხასიათის ჰაგიოგრაფიული და ჰომილეტიკური თხზულებანი, მათ შორის აღსანიშნავია სვიმეონ მეტაფრასტის საკითხავები (სექტემბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეთა), აგრეთვე ეპიფანე კვიპრელის, ანასტასი სინელის, კირილე ალექსანდრიელის, იოანე ოქროპირის თხზულებანი. მასვე ეკუთვნის თეოდორიტე კვირელისა და ეპიფანე კვიპრელის დოგმატიკურ თხზულებათა თარგმანები. ეგზეგეტიკურ თხზულებათაგან მისი თარგმნილია იოანე ოქროპირისეული ძველი აღთქმის წიგნების კომენტარები. თეოფილე ხუცესმონაზონის მთარგმნელობით მოღვაწეობას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისათვის. მისი ნათარგმნი თხზულებების ზოგიერთ ბერძნულ დედანს ჩვენამდე არ მოუღწევია, მათ შორის, უნდა აღინიშნოს თეოდორე კვირელის "აღსარება მართლისა სარწმუნოებისა" და ილარიონ ქართველის "ცხოვრების" მეტაფრასული რედაქცია. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.46; georgianencyclopedia.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |