The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ხმალაძე

გრიგოლ ხმალაძე
დაბადების თარიღი:24 აპრილი, 1904
გარდაცვ. თარიღი:11 მაისი, 1986  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი უფლისციხე, კასპის რაიონი.

1923 წელს ჩაირიცხა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მექანიკის ფაკულტეტზე, მაგრამ მესამე კურსიდან ვეღარ გააგრძელა სწავლა უსახსრობის გამო; 1944 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაუსწრებელი სექტორი.

1925 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის საზოგადოებრივ სამმართველოში მუშად; 1927 წელს გადავიდა ამიერკავკასიის წყალთა მეურნეობის სამმართველოში; 1929 წელს გადაიყვანეს საცდელ-საკვლევ წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში უფროს ტექნიკოსად; 1930 წლიდან მუშაობდა ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიურ კომიტეტში მეორე თანრიგის მეცნიერ-თანამშრომლად; 1941 წელს ამიერკავკასიის ფრონტის შტაბის მიერ მივლინებულ იქნა ირანში სპეცსამუშაოების შესასრულებლად. დაბრუნების შემდეგ მუშაობა განაგრძო საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურში; სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1949-1959წწ. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე. მის მიერ შესრულებულია 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. აღსანიშნავია "მდ. ივრის ჰიდრომეტრია და ჰიდროლოგია", რომელიც საფუძვლად დაედო სამგორის წყალსაცავის ტექნიკურ დაპროექტებას. შესრულებული აქვს ჰიდროლოგიური გაანგარიშებანი საქართველოს პატარა მდინარეებისათვის. მრავალი შრომა მიუძღვნა საქართველოსა და სომხეთის ღვარცოფების ბუნების შესწავლას, მათ დარაიონებას და კლასიფიკაციას. დიდი წვლილი შეიტანა ამიერკავკასიის მდინარეთა წყლის რესურსებისა და ბალანსის შესწავლის საქმეში. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მდინარეთა მყარი ჩამონადენის ფორმირების და მათი მოძრაობის შესწავლას. შრომათა დიდი ნაწილი ეხება ამიერკავკასიის, კავკასიის შავი ზღვის სანაპირო მდინარეების, ყირიმის სამხრეთ სანაპიროს მდინარეების შესწავლას. ჰიდროლოგი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1969). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს მდინარეთა საშუალო ჩამონადენი და წლიური ჩამონადენის რყევადობა", დაიცვა 1951 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სომხეთის სსრ მდინარეთა ატივნარებული მასალა", დაიცვა 1966 წელს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.488; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.310-311

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია
  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: