The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოლაუ ჩერნიავსკი

კოლაუ ჩერნიავსკი
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ ჩერნიავსკი
დაბადების თარიღი:1892
გარდაცვ. თარიღი:1947  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:კრიტიკოსი, მთარგმნელი, მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: აკერმანი, ბესარაბიის გუბერნია.

თბილისური ავანგარდის წარმომადგენელი. დაიბადა პოლონური წარმომავლობის სათავადაზნაურო ოჯახში. მამა, ანდრეი, 1904 წელს, ცოლის გარდაცვალების შემდეგ, სამი მცირეწლოვანი ვაჟიშვილით გადმოსახლდა თბილისში. 1912-1914წწ. იყო თბილისის გუბერნატორი. კვლავ დაქორწინდა და ცოლად შეირთო ალექსანდრე ყაზბეგის ბიძაშვილისშვილი, მომღერალი ოლგა დოლგოვა. 1917 წელს ილია და კირილე ზდანევიჩებთან, ლადო გუდიაშვილთან, ზიგა ვალიშევსკისთან, ყარადარვიშთან, ალექსეი კრუჩონიხთან ერთად, აყალიბებს ჯგუფს "ფუტურისტული სინდიკატი". კოლაუ ჩერნიავსკი 1918 წელს რუსულენოვან გაზეთ "რესპუბლიკაში" ("Республика", №145, 10 იანვარი) აქვეყნებს წერილს კირილე ზდანევიჩზე: "კ. ზდანევიჩის გამოფენა" (Выставка К. Зданевича). კოლაუ ჩერნიავსკი სწავლობდა თბილისში, ვაჟთა I გიმნაზიაში. სწავლა გააგრძელა ყაზანის უნივერსიტეტში. მისი ლექსები დაბეჭდილია 1917-1919წწ. "ფანტასტიკური სამიკიტნოს" მიერ გამოცემულ ცნობილ კრებულში "Софии Георгиевне Мельниковой", ძირითადი ნაწილი კი დაკარგულია. 1918-1920წწ. ზდანევიჩის მიერ დაფუძნებული ფუტურისტული ჯგუფის "41°"-ის აქტიური წევრი იყო. ამ რადიკალურ ავანგარდულ ჯგუფში ყოფილი "ფუტურისტული სინდიკატის" თითქმის ყველა წევრი გადმოვიდა. კოლაუ ჩერნიავსკი ზაუმის პოეტი იყო. სერიოზულად იყო დაინტერესებული ნიკო მარის ენის თეორიით, თარგმნის ტექნიკით, ისტორიული ქრონიკებით. ილია ზდანევიჩთან ერთად მუდმივად ეძებს ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრებს, წერს ე.წ. "ორკესტრულ ლექსებს". 1926 წელს თბილისში გამოცემულ სამენოვან (ქართული, რუსული, ფრანგული) წიგნში "ნიკო ფიროსმანაშვილი", იბეჭდება მისი ფრანგულენოვანი ტექსტი. "ფანტასტიკური სამიკიტნოს" საღამოების მუდმივი თანამონაწილე, ექსპერიმენტატორი ავანგარდისტი პოეტი, არაჩვეულებრივად ერკვეოდა ხელოვნებაში, უყვარდა ფიროსმანაშვილი (აღმოჩენილი აქვს მისი რამდენიმე ნამუშევარი; თავისთვის ქმნიდა მისი ნამუშევრების კატალოგს). იყო საინტერესო კრიტიკოსი და მშვენიერი მთარგმნელი. რუსულად თარგმნა დემნა შენგელაიას "სანავარდო", ნიკოლო მიწიშვილის "ეპოპეა", რაჟდენ გვეტაძის ნოველები, ტიციან ტაბიძის "როალდ ამუნდსენ", მიხეილ ჯავახიშვილის "ლამბალო და ყაშა", სიმონ ჩიქოვანის ლექსები; სომხურიდან რუსულად თარგმნა ფუტურისტი ყარადარვიშის ლექსები და სხვ. წერდა სტატიებს და აქვეყნებდა სხვადასხვა გაზეთებსა და ჟურნალებში.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.494

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: