The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოლომონ ახვლედიანი

სოლომონ ახვლედიანი
სხვა სახელი:დროებით პეტერბურგელი  (ფსევდონიმი)
ვინც უნდა ვიყო  (ფსევდონიმი)
თეატრის მეგობარი  (ფსევდონიმი)
იქსი  (ფსევდონიმი)
მცირეწლოვანი  (ფსევდონიმი)
ს. ახნი  (ფსევდონიმი)
ს.-ა-ნი  (ფსევდონიმი)
სია  (ფსევდონიმი)
შემინო  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:25 თებერვალი, 1883
გარდაცვ. თარიღი:15 აპრილი, 1934  (51 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:პედაგოგი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

ე.წ. "ბანკის კლასის" დასრულების შემდეგ სწავლობდა კლასიკურ გიმნაზიაში. 1905 წელს, საერთაშორისო პოლიტიკური გამოსვლების მხარდასაჭერად მოწაფეთა მცირე ნაწილთან ერთად სასწავლებელს ბოიკოტი გამოუცხადა - სიმწიფის მოწმობის მისაღებად არ გამოცხადდა. უმაღლესი სასწავლებლის დიპლომის მისაღებად სიმწიფის მოწმობისათვის 1910 წელს ქუთაისის გიმნაზიაში ექსტერნად ჩააბარა გამოცდა, მაგრამ სადიპლომო გამოცდაზე პეტერბურგის უნივერსიტეტში მაინც არ დაუშვეს. იმავე წელს, კავკასიის სამოსწავლო ოლქის სამმართველოში ფრანგული ენის მასწავლებლის ხარისხის გამოცდა ჩააბარა და ტფილისის II კომერციულ სასწავლებელში ფრანგულ ენასა და მათემატიკურ საგნებს ასწავლიდა. წერა "ივერიაში" 1904 წელს (№46, 60), მცირეწლოვანის ფსევდონიმით დაიწყო. საფრანგეთიდან გაზეთებში აქვეყნებდა წერილებს პოლიტიკური ვითარების, მუშათა მდგომარეობის და სხვა საკითხების შესახებ ("ამირანი", 1908, №50, 139) და სხვ. 1918 წელს, ოსმალთა შემოსევის დროს, სოლომონ ახვლედიანი ბათუმში, ოსმალეთთან მოლაპარაკებისათვის ჩასული საქართველოს დელეგაციის ერთ-ერთ მდივნად მიიწვიეს, ბათუმიდან დაბრუნების შემდეგ კი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვიცე-დირექტორად. ამ თანამდებობას თავი მალე დაანება და იმავე წელს ქართული თეატრის ასაშენებლად იაფფასიანი ლატარია მოაწყო. ქართული თეატრის დაწვის (1914) შემდეგ, სოლომონ ახვლედიანი პირველი იყო, ვინც ეს საკითხი წამოჭრა ("ერთი საშუალება თეატრის ასაშენებლად", გაზეთი "საქართველო", 1916, №235, წერილი გამოაქვეყნა ფევდონიმით - "თეატრის მეგობარი"). საქართველოში პირველად სოლომონ ახვლედიანის თაოსნობით მოეწყო მოძრავი კინო დაბა-სოფლებისათვის (1918 წელს გურიის სოფლებში ღია ცის ქვეშ იმართებოდა კინო-სეანსები). 1919 წელს ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობისა და დირექტორიის ერთ-ერთ წევრად აირჩიეს. 1920 წელს საქართველოს სასურსათო სამინისტრომ ბაზრის შესასწავლად ევროპაში გააგზავნა. გასაბჭოების შემდეგ ქართული წითელი ლაშქრის სათეატრო განყოფილების გამგედ დანიშნა. 1923 წელს თბილისის სახალხო სახლის ქართული წარმომადგენლების მმართველი წრის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს. პირველად მან აღძრა საკითხი საქართველოში ქაღალდის ფაბრიკის აშენების შესახებ ("ერთობა", 1920, №231,287; "კომუნისტი", 1924, №258; 1925, №122, 273; 1926, №158 და სხვ.). პირველად მან გააკეთა ვაზის წალმისაგან ქაღალდი და გამოთქვა აზრი, რომ ქაღალდის ქარხნის აგება მევენახეობის განვითარებას შეუწყობდა ხელს. ციხეში ყოფნის დროს სამასამდე პატიმარს წერა-კითხვა შეასწავლა, გამოსცა ციხის ჟურნალი პატიმართა შესახებ წერილებით და სხვ. სოლომონ ახვლედიანი წერდა და აქვეყნებდა წერილებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, აქვს ფრანგულიდან თარგმანებიც. ქართული ქაღალდის შემქმნელი, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.249-250


გააზიარე: