| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვერა ფაღავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 12 წლის იყო ვერა, როცა სამშობლო დატოვა. 1920-1921წწ. ვერას მამა - იური ფაღავა დიპლომატიურ სამსახურში იმყოფებოდა ირანში. ოკუპაციის შემდეგ საქართველოში ვეღარ დაბრუნდნენ და ჯერ გერმანიაში წავიდნენ ემიგრაციაში, შემდეგ კი პარიზის გარეუბანში, მონჟურში დასახლდნენ. ბავშვობიდან დაინტერესებული იყო მხატვრობით. თავდაპირველად, დეკორაციულ ხელოვნებათა სკოლაში დადიოდა, სადაც ლექციებს მხატვარი და სკულპტორი ანდრე ლიოტე უკითხავდა, შემდეგ ხელოვნებისა და რეკლამის სახელოსნოში, 1934-1939წწ. კი რანსონის აკადემიაში, სადაც როჟე ბისიე ასწავლიდა. მისი გავლენით, ვერა ფაღავა საეკლესიო ვიტრაჟების ერთ-ერთ საუკეთესო მხატვრად იქცა. რანსონის აკადემიის ჯგუფის შემდეგ, ვერა უერთდება მხატვრების გაერთიანებას ლიონში, "Témoignage" რომელთა კონცეფცია ფერწერაში იყო "ხელოვნება წარმოსახვითზე უფრო მნიშვნელოვანია". იცვლება მისი ხატვის სტილი - შიშველ ნატურას, პორტრეტს, ნატურმორტს და რელიგიური შინაარსის სცენებს მინიმალისტური აბსტრაქცია ცვლის. ნატურიდან ჩანახატებს გრაფიკული წერტილებით ასრულებს. მნიშვნელობას ანიჭებს არა ობიექტს, არამედ გარემომცველ სივრცესა და განათებას. 1930-იანი წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის წლებში, თავის გასატანად ტექსტილზე დაიწყო მუშაობა, ქსოვდა, იმავდროულად, მიიღო მედდის განათლება, უვლიდა დაჭრილებს. როგორც მხატვარი 1944 წელს გაიცნეს გამოფენით, რომელშიც პიკასოს ცოლი დორა მაარიც მონაწილეობდა. ფერწერის პარალელურად მან შექმნა ფრესკული ხელოვნების ნიმუშები, პარიზის საბავშვო ბაღებისთვის - მონუმენტურ-დეკორატიულ პანოები, დიჟონის სენტ-ჟოზეფის ეკლესიის ვიტრაჟები. 1958 წელს ხეზე შესრულებული ფრესკა-პანოსთვის "ამაღლება" რომის პაპის იოანე XXIII–გან სპეციალური ოქროს მედალი მიიღო. 1966 წელს ვენეციის 33-ე ბიენალეზე საფრანგეთს ვერა ფაღავა წარმოადგენდა და მის ნამუშევრებს ცალკე პავილიონი ჰქონდა დათმობილი. შემდგომში, ნამუშევრების მოძრავმა რეტროსპექტივამ იმოგზაურა სხვადასხვა ქალაქის ხელოვნების მუზეუმებში. გამოფენებმა საფრანგეთიდან ბერლინში, ნიუ-იორკში, რომში, ტურინში, ბრიუსელში, ვენაში გადაინაცვლა. ფრანგმა კოლექციონერებმა და ხელოვნების მოყვარულებმა დაიწყეს ვერა ფაღავას ნახატების შეძენა. 1972 წელს პარიზში ვერა ფაღავას გამოფენით გაიხსნა გალერეა "დარიალი", რომელიც ასევე ემიგრანტ ქართველს თამარ წულაძეს ეკუთვნოდა. ნახატების დიდი ნაწილი კერძო კოლექციებში, გერმანიასა და შვეიცარიაში ინახება. მისი 15 ნახატი საფრანგეთის ქალაქ დიჟონშია, რამდენიმე გრენობლის ხელოვნების მუზეუმსა და პარიზის პომპიდუს ცენტრის კოლექციაში. 2008 წელს მონპარნასის მუზეუმში ექპოზიციაზე "პარიზი-მონპარნასი-თბილისი, 1920-იანი წლები" წარმოდგენილი იყო ელენე ახვლედიანისა და ვერა ფაღავას ნამუშევრები, 2012 წლის ოქტომბერში თბილისის ეროვნულ გალერეაში მოწყობილ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 35 ფერწერული ტილო, 28 ჩანახატი და აკვარელი. ასოციაციამ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ვერას 3 ნამუშევარი გადასცა საჩუქრად - "უცნობი" (1967), "პატარა საქართველო" (1979), და ერთ ჩარჩოში ჩასმული 3 გრაფიკული ჩანახატი: "ღვინის წიგნი, ფასარგადი, მეტაფიზიკური პოემები" (1977-1979). 2023 წლის 23 სექტემბერს თიბისი კონცეპტის სივრცეში სათაურით "მდუმარე ქალაქები" გაიხსნა გამოფენა, რომელზეც ვერა ფაღავას ფერწერულ ნამუშევრებთან ერთად, გამოფენილია უნიკალური ბიოგრაფიული დოკუმენტები და საარქივო მასალები. გამოფენა 6 თვე გაგრძელდა - 2024 წლის 30 მარტამდე. ამ გამოფენით საზოგადოებამ გაიცნო ან თავიდან აღმოაჩინა ქართული წარმოშობის ფრანგი მხატვარი ვერა ფაღავა. წყარო: ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში: 100 რჩეული ბიოგრაფია: მონოგრაფია/ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-გვ.159; ქართველი ქალები ემიგრაციაში/ტექსტის ავტორი რ. დაუშვილი. -თბ., 2024. -გვ.-127-131
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

