The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გამალიელ (არქიმანდრიტი)

ოფიციალური სახელი:გამრეკელი
დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:1816
კატეგორია:მკვლევარი, სასულიერო პირი, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის კათოლიკე პატრების სკოლა, სწავლობდა რომში, პროპაგანდოში-რომის პაპის უმაღლეს სასწავლებელში.

1795 წელს დაბრუნდა საქართველოში. იოელ გამრეკელის ცნობით, უმაღლესი სასულიერო განათლება მიიღო ათენში და ბერად აღიკვეცა. ერეკლე II-ის დროს შიო მღვიმის მონასტრის წინამძღვარი იყო, შემდეგ იკორთის ტაძარში მოღვაწეობდა. კათოლიკე პატრებისაგან შეისწავლა დოსტაქრობა და ჯარა-ექიმობა. 1810 წელს გამალიელმა ძველი და ახლი მწერლებისა და წიგნების სია შეადგინა. მასში მოხსენიებულია 300-მდე წიგნი დამწერ-შემდგენელთა ვინაობისა და მოღვაწეობის პერიოდის მითითებით (IV-XVIII საუკუნეები). ეს შრომა დაბეჭდა პროფესორმა ალ. ცაგარელმა (Грузинская письменность, СПб, 1894). იოელ გამრეკელის ცნობით, გამალიელი იყო დიკასტერიის წევრი (საეკლესიო მმართველობის ორგანო, რომელიც სასამართლოს ფუნქციებს ახორციელებდა. იგი დააარსა ანტონ I-მა.  დიკასტერია ექვემდებარებოდა კათოლიკოსს და გადაწყვეტილებებს იღებდა მისი სახელით. აქ განიხილებოდა სასულიერო ხასიათის დავები, მაგრამ ეს საკითხები მხოლოდ დიკასტერიას არ ექვემდებარებოდა. დიკასტერია არსებობდა სინოდალურ კანტორამდე, სინოდალური კანტორა დაიხურა 1917 წელს). გამალიელ არქიმანდრიტმა თავი გამოიჩინა ვარლამ ეგზარხოსის წინააღმდეგ, იკორთის სამონასტრო მამულების დაცვისათვის (ამ მამულების შემოსავალი ხმარდებოდა სწავლა-განათლებას). გამალიელი ყოველთვის მტკიცედ იცავდა საქართველოს ახალგაზრდობის ინტერესებს. "მცირე უწყება ქართველ მწერალთათვის", ცნობით გამალიელი იყო ანტონ I-ის აღზრდილი, "არიხმატიკოსი, გალობათა შინა გამოცდილი". სასკოლო მოღვაწე, მწიგნობარი, გამრეკელ-თორელთა შთამომავალი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.483


გააზიარე: