The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა წეროძე

შოთა წეროძე
დაბადების თარიღი:21 სექტემბერი, 1963  (61 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა  საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სპეციალობით სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების წარმოება 1985 წელს; 1985-1988წწ. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურაში, სპეციალობით სამშენებლო კონსტრუქციები.

1985-1988წწ. ასპირანტურაში სწავლის პერიოდში, სრული დატვირთვით ჩაერთო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან არსებულ სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს სამეცნიერო-კვლევით და ორგანიზაციულ საქმიანობაში; 1988 წლიდან, ასპირანტურის დამთავრების შემდეგ მუშაობს საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში ჯერ უმცროს, ხოლო შემდგომ უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1996-1997წწ. - აქტიურად მონაწილეობს "Daimler Benz Aerospace/Dornier Satelittensysteme" Gmbh", და საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის ერთობლივ პროექტში -"დიდგაბარიტიანი გასაშლელი კოსმოსური კონსტრუქციის თეორიული და ექსპერიმენტული კვლევები"; 1999 წლიდან - წამყვანი კონსტრუქტორის რანგში, მონაწილეობს საქართველო-რუსეთის ერთბლივ პროექტში "რეფლექტორი"; 2003-2006წწ. - პრეზიდენტის ბრძანებულებით დაინიშნა კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის დირექტორად; საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ინტეგრაციის შემდეგ, მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტში კონსტრუირების ლოგიკისა და მათემატიკური მოდელირების განყოფილების უფროსად. მის მიერაა დაპროექტებული მრავალი შენობა-ნაგებობა თბილისსა და მის შემოგარენში; მის მიერ ჩატარებული თეორიული, პრაქტიკული და რეალურად განხორციელებული პროექტების შედეგები წარმოდგენილია 35-მდე გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომში. ასევე დიდგაბარიტიან გასაშლელ რეფლექტორებზე გაკეთებული აქვს მოხსენებები საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციებზე. ინჟინერ-მშენებელ ტექნოლოგი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დედამიწის პირობებში რეგულირებადი ორსარტყელიანი ტრანსფორმირებადი რადიოტელესკოპის კონსტრუქცია, კოსმოსში რეგულირებადი ზედაპირის შექმნის შესაძლებლობით",  დაიცვა 1997 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "დიდი გასაშლელი ორბიტული ანტენების კოსმოსური სისტემების რადიოტექნიკური კომპლექსები", დაიცვა 2006 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.252; ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი: gtu.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1999 - ღირსების მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: