The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რაულ ნეფარიძე

რაულ ნეფარიძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1939  (86 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1962 წელს.

უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, სახელმწიფო კომისიის განაწილებით შრომითი საქმიანობა დაიწყო სსრკ "სახმშენი"-ს დაქვემდებარებაში არსებულ საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზვოდოკანალპროექტში", სადაც კარგი სამუშაო გამოცდილება შეიძინა, საბჭოთა კავშირის მსხვილი სამრეწველო ცენტრებისათვის წყალთა მეურნეობის ობიექტების პროექტირების სფეროში; ქ. მოსკოვის დ. პანფილოვის სახელობის კომუნალური მეურნეობის აკადემიის ასპირანტურაში დამთავრების შემდეგ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; აკადემიაში მუშაობის პერიოდში შეუფასებელი პროფესიული და სამეცნიერო სკოლა გაიარა; 50 წელზე მეტი იმუშავა ქ. მოსკოვის კომუნალური წყალმომარაგებისა და წყლის გაწმენდის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც გაიარა სამეცნიერო მუშაობის ყველა საფეხური უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლიდან დაწყებული ინსტიტუტის გენერალური დირექტორის თანამდებობამდე; 2007 წელს ის დაინიშნა საპროექტო ინსტიტუტ "გიპროკომუნწყალკანალის" გენერალურ დორექტორად; ერთდროულად ის აგრძელებს სამეცნიერო მოღვაწეობას რუსეთის ფედერაციის კომუნალური მეურნეობის აკადემიის წყალმომარაგებისა და წყალარინების სამეცნიერო-ტექნიკური ასოციაციის განყოფილების ხელმძღვანელად, ასევე კომუნალური წყალმომარაგებისა და წყლის გაწმენდის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ჩამდინარე წყლების ლაბორატორიის გამგის თანამდებობაზე; მის მიერ დამუშავებულია მთელი რიგი მეთოდებისა და ტექნოლოგიების, რომლებიც წარმატებით გამოიყენება გამწმენდი ნაგებობების პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის დროს; მათ შორისაა აქტიური ლამის იძულებითი რეცირკულაციის აეროტენკ-სალექარების თეორიული საფუძვლები და ანგარიშის მეთოდიკა, რომელიც შევიდა წყალარინების დამპროექტებლის ცნობარში; დიდი შრომა აქვს ჩადებული წყალგამწმენდი დანადგარების დამუშავებასა და დანერგვაში, მკაცრ კლიმატურ პირობებში მშენებლობის დროს, ისეთ მნიშვნელოვან მშენებლობაზე, როგორიც იყო: "ბაიკალ-ამურის" სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა; ასევე -სურგუტის, ნრფტეი-უგანსკის, ნიჟნევარტოვსკის, ნადიმის, ირკუტიის, ჩუკოტკისა და სხვა ნავთობგაზმომპოვებელი რაიონების ათვისებაში; ასევე მის მიერ იქნა დამუშავებული უნიკალური ტექნოლოგია და ნაგებობათა კონსტრუქციები, ბაიკალის ტბის აუზის ჩამდინარე წყლების ზეღრმა გაწმენდისათვის; მის მიერ დამუშავებული ტექნოლოგიები და ნაგებობები, მისი აქტიური მონაწილეობით დანერგილია და მოქმედებს ექსპლუატაციაში რუსეთის მთელ რიგ რეგიონებში, დსთ-ს ქვეყნებში, ინდონეზიაში, ავღანეთში და ცეილონზე; ავტორია 90-ზე მეტი გამოქვეყნებული ნაშრომის, მიღებული აქვს 20 საავტორო მოწმობა და პატენტი; მისი ნაშრომები ფართოდაა ცნობილი რუსეთის ფედერაციაში და საზღვარგარეთ, რომლებიც არაერთგზის იყო აღნიშნული სხვადასხვა მედლებითა და დიპლომებით სამამულო და საზღვარგარეთის გამოფენებზე; ქ. ულანბატორის წყალსადენ-კანალიზაციის ნაგებობების პროექტის დამუშავებასა და მშენებლობაში აქტიური მონაწილეობისათვის მინიჭებული აქვს მონღოლეთის საბინაო-კომუნალური მეურნეობის "საპატიო მუშაკის" წოდება; არის ჟურნალ "სუფთა ქალაქის" სარედაქციო კოლეგიის წევრი, რუსეთის ფედერაციის კომუნალური მეურნეობის აკადემიის სამეცნიერო-ტექნიკური ასოციაციის სამეცნიერო საბჭოს წევრი, სახელმწიფო დუმის საექსპერტო საბჭოს წევრი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 212-213


გააზიარე: