Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ზუბალაშვილი![]()
Biographyგიორგი ზუბალაშვილი დაიბადა 1694 (სხვა ვერსიით 1696) წელს. მან ქართული წერა-კითხვა, ანგარიში შეისწავლა გორში მოღვაწე კათოლიკე მღვდლებთან. (1670 წელს გორში, კათოლიკური ეკლესიის გვერდით გაუხსნიათ სამრევლო სკოლა, სადაც პირველდაწყებით განათლებას ღებულობდნენ იქ მცხოვრები ზუბალაშვილებიც). გიორგი ზუბალაშვილმა ხელი მოჰკიდა ვაჭრობას და მამის საქმიანობა გააგრძელა. რამდენადაც იმ დროისათვის ვაჭრებსა და ხელოსნებს ქართლში კარგი პირობები ჰქონდათ, გიორგიმაც (თავის საქმეში ალღოიანმა და უნარიანმა) დიდი ქონება დააგროვა, გადმოცემის მიხედვით, გორში გადმოსახლებული ზუბალაშვილები იმთავითვე გამოირჩეოდნენ რწმენის ერთგულებით, კათოლიკური აღმსარებლობის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემით. ამ საქმეში დიდი როლი უთამაშია აგრეთვე გორელ პატრს - ტულუკაანთ დავითას (მას სასულიერო განათლება რომში ჰქონდა მიღებული). აღსანიშნავია ისიც, რომ ეკონომიკურად უკვე მოძლიერებული ზუბალაშვილების ფინანსური მხარდაჭერით პატრ დავითას 1733 წელს რომში ქართულ ენაზე დაუსტამბავს "საქრისტიანო მოძღვრება", რომელიც ისევ ზუბალაშვილებს ჩამოუტანიათ საქართველოში და გაუვრცელებიათ. საეკლესიო ჩანაწერების მიხედვით, გიორგისა და მის მეუღლეს თამარს ჰყოლიათ 8 შვილი: პეტრე, ფელიქსი, ფრანცისკე, ანნა, იერონიმე, ივანე, მარიამი, ნათელა (ზ. ჭიჭინაძე). გიორგი ზურაბის ძე ზუბალაშვილი თავისი დროისათვის გორში ერთ-ერთი ცნობილი პირი იყო. მას პატივს სცემდნენ და ანგარიშს უწევდნენ მეფე-დიდებულებიც. კათოლიკეთა მრავალსულიანი ოჯახი გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით, პატიოსანი საქმიანობით, რწმენის ერთგულებით, რწმენისა, რომელიც ყოველთვის უქადაგებდა მრევლს კაცთმოყვარეობასა და გაჭირვებულთა შემწეობას. გიორგის სახლი გორის კათოლიკეთათვის ეკლესიადაც ყოფილა გამოყენებული წირვა-ლოცვისა თუ სხვა რელიგიური რიტუალების აღსასრულებლად. მაგალითად, ამ სახლში მოუნათლავს 1767 წელს ანდრია ზუბალაშვილი პატრს - გიორგი მთვარინელს. გიორგი ზუბალაშვილის შვილები ყოფილან საქმიანი და კეთილშობილი ადამიანები. მაგალითად, ფრანცისკე გიორგის ძეს იცნობდნენ როგორც ტყვეთა დამხსნელს, საოცრად სათნოსა და გაჭირვებულთა დამხმარეს, გარდა ამისა, იგი მებატონისაგან ხშირად გამოისყიდდა ყმებს და ათავისუფლებდა თურმე; ხოლო ივანე გახლდათ საქართველოს ისტორიაში ერთერთი პირველი ქართველი დიდვაჭარი და ქველმოქმედი. წყარო: ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბ., 2011.-გვ.33-35 (dspace.nplg.gov.ge)
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |