The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქრისტინე თოდუა-წულუკიძე

ქრისტინე თოდუა-წულუკიძე
ოფიციალური სახელი:ქრისტინე თოდუა
სხვა სახელი:ბადუ თოდუა-წულუკიძე
დაბადების თარიღი:7 დეკემბერი, 1898
გარდაცვ. თარიღი:2 მაისი, 1981  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დოროთეენშტადტის სასაფლაო, ბერლინი (გერმანია)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაიბადა მღვდლის, დავით თოდუასა და ნატალია გეგეჭკორის ოჯახში. დავით თოდუა სოფელ სალხინოში დადიანების კარის ეკლესიის მღვდელი იყო და იქ მსახურობდა, მას განათლება გრიგოლ დადიანის ხელშეწყობით მიუღია რუსეთში.  ქრისტინემ განათლება ქუთაისში მიიღო. საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში ქრისტინე სოხუმში მუშაობდა მასწავლებლად ქალთა ეპარქიულ გიმნაზიაში. 1920 წელს სწორედ აქ გაიცნო მან მომავალი მეუღლე, სოციალ-დემოკრატი, ლიტერატორი მიხეილ წულუკიძე, რომელიც აფხაზეთის ეროვნული საბჭოს წევრი იყო. 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა ოკუპაციისა და იმხანად მიხეილის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი საქმიანობის გამო წყვილმა საქართველოს დატოვება გადაწყვიტა. ქრისტინე წულუკიძის მოგონებებს მუდმივად გასდევს თან სოხუმისა და სალხინოს პერიოდების განსაკუთრებული მონატრება. მიხეილ და ქრისტინე წულუკიძეებმა, სხვა ქართველ ემიგრანტებთან ერთად დაახლოებით 1922 წლისთვის გერმანიაში, ბერლინში ჩააღწიეს, სწორედ აქედან იწყება ოჯახის ცხოვრების ახალი, გრძელი და სირთულეებით აღსავსე ეტაპი. უკიდურესი გაჭირვების გამო წულუკიძეები ბერლინთან ახლოს ადლერსჰოფში, წითელი ჯვრის ლტოლვილთა ბანაკებში დასახლდნენ და იქ წლების მანძილზე ცხოვრობდნენ. ქრისტინემ გადაწყვიტა, სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაებარებინა უნივერსიტეტში და მიაღწია კიდეც ამას. როგორც უცხოელს, სწავლის პროცესში განსაკუთრებით დიდი ჯაფა დაადგა, თუმცა შეუპოვარი, მიზანსწრაფული ხასიათის წყალობით 1935 წლისთვის წარმატებით დაასრულა ძირითადი კურსი და დოქტორანტურაში განაგრძო სწავლა. წლების მანძილზე სწავლისა და მუშაობის შედეგად მოახერხა, ფეხზე დაეყენებინა ოჯახი, 1930-1940 წლებში შეძლო, თავი დაეღწია უკიდურესი გაჭირვებისთვის, რაც ქართველი ემიგრანტების უმეტესი ნაწილის ხვედრი იყო. ომის პერიოდში ქრისტინე წულუკიძე ექიმად მუშაობდა ერთ-ერთ ბუნკერში. მოგვიანებით, 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, გამარჯვეული ძალების მიერ გავლენის სფეროებად დაყოფილ ბერლინში ქრისტინე წულუკიძის ბინა და სამედიცინო პრაქტიკა საბჭოთა სექტორში მოექცა. დაახლოებით 1967-1968 წლებში ქრისტინემ გაიცნო ბერლინში მყოფი კონტანტინე გამსახურდია და მისი მეუღლე მირანდა. გარდაიცვალა 1981, ისე, რომ საქართველოში ვეღარ ჩამოვიდა. დაკრძალულია ბერლინში.

წყარო: ჩემი თავგადასავალი და ზოგიერთნი მოგონებანი / ქრისტინე (ბადუ) თოდუა-წულუკიძე.-თბ.,2019.-224გვ. (scribd.com)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: